logo
ENG



თუ აუცილებლობა არაა, თავი შევიკავოთ უცხოეთში წასვლისგან - იმუნოლოგი კორონავირუსზე

29 თებ 202022:01
3 წუთის საკითხავი
 

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ამ ეტაპის მონაცემებით ​კორონავირუსის ეს აფეთქება ისტორიაში ყველაზე სუსტია და არანაირი პანიკის საფუძველი მსოფლიო მასშტაბით არ არსებობს.

როგორც მან „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ ისაუბრა, ეს კორონავირუსის მესამე აფეთქებაა და წინა ორთან შედარებით სიკვდილიანობა ბევრად დაბალია.

„ეს ვირუსი რესპირაციული დაავადებაა, ყოველწლიურად ვაწყდებით ხოლმე. ამ ვირუსმა 21-ე საუკუნეში სამი გამოცდა მოუწყო კაცობრიობას - 2003 წელს იფეთქა პირველად და გამოიწვია "სარსი", გარდაცვალება იყო 10%. ეს ინფექცია ამ ეტაპზე არ არსებობს. მეორედ იყო 2012 წელს - "მერსის" სახელით და სიკვდილიანობა იყო 35%. აქლემებში მტარებლობა კიდევ გრძელდება. 2019 წლის 31 დეკემბერს დაფიქსირდა მესამედ - ეს ახალი კორონავირუსული შტამი. ეს არის ვირუსი, რომელიც არ აღიარებს საზღვრებს, რასას - არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ღარიბია თუ მდიდარი. ჯერ არ არის პანდემია, რადგან ეს არის მდგომარეობა როცა ინფექცია ვრცელდება კონტინენტებზე, მაგრამ პანდემიისთვის დამახასიათებელია არა მოგზაურობით გადატანა ქვეყნებს შორის, არამედ ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება. დღეისთვის ვიცით, რომ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით - ეს არის კარგი, რადგან მისი გავრცელების არეალი 1-2 მეტრია. ინფექციის მატარებელთა 80%-ში იყო მსუბუქი გამოვლინება, მაღალია გამოჯანმრთელების მაჩვენებელი. სიკვდილიანობა არის 2% - ესეც გამოწვეულია იმით, რომ არ იყო დროული ჰოსპიტალიზაცია. განვითარებულ ქვეყნებში 1%-მდეა, ბავშვებში კი ძალიან მცირეა. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი აღწევს 37 ათას ადამიანს - მთავარ რისკებად რჩებიან იაპონია, კორეა, ირანი. ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვაქვს გამოვლენის საშუალება. რაც უფრო მეტ ადამიანს გამოავლენს ჯანდაცვის სისტემა საზღვარზე, იქნება უკეთესი - ეს ნიშნავს, რომ ადამიანიდან ადამიანზე გადასვლის შანსები მცირდება", - ამბობს იმუნოლოგი.

საქართველოში მიღებულ ზომებსა და აკრძალვებზე კი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ სახელმწიფო სწორად მოქმედებს. როგორც იმუნოლოგი განმარტავს, მთავარია დავუჯეროთ ექიმებს, და ჰიგიენის ნორმები დავიცვათ. 

„ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა სასწავლო პროცესის შეჩერება. უნდა ვიყოთ ფრთხილად - თუ აუცილებლობა არაა, თავი შევიკავოთ უცხოეთში წასვლისგან. მოვა სითბო და ეს ინფექცია ჩამთავრდება. მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა - ყველაზე დიდი წყარო გავრცელებისა არის ხელი. სპირტი კლავს მას - კი არ უნდა დავლიოთ, უნდა შევიზილოთ ხელზე. ნიღაბი უნდა ატაროს ავადმყოფმა. დაცემინებისას საკუთარ იდაყვზე უნდა დავაცემინოთ, გავითვალისწინოთ ექიმების რჩევები, რადგან ისინი ებრძვიან ჩვენთან ერთად ვირუსს", - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე ინფიცირებული ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.


close დახურვა