logo
ENG



თუ ოცნება დათანხმდება 130-20-ს, პოლიტპატიმრები თვითონ მოგვიწოდებენ, რომ დავთანხმდეთ-კანდელაკი

02 მარ 202011:45
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია შესაძლოა, 130/20-ზე საარჩევნო მოდელს დათანხმდეს. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი მოდელია, რომელიც მმართველ გუნდს არ მისცემს საშუალებას ხმების მცირე რაოდენობით უმრავლესობა ჩამოაყალიბონ.

კანდელაკის თქმით, თუ მმართველი გუნდი ოპოზიციას სასურველ პროპოციებს წარუდგენენ, პოლიტიკური პატიმრები თავად მოუწოდებენ ციხიდან ოპოზიციას, რომ შეთანხმებას დათანხმდნენ. 

"ჯერ იძახდნენ, 100/50-ს ფეხი არ მოეცვლებაო. ახლა გარანტიებზე საუბრობენ. ერთადერთი რაც უზრუნვლეჰყოფს თანაფარდობას, არის 130/20-ზე. დანარჩენი ყველაფერი არის სადღეგრძელო. თუკი "ქართული ოცნება" დათანხმდება ამ პროპორციულობის პრინციპს, რომელიც უზრუნველჰყოფს საპარლამენტო წარმომადგენლობის პროპორციულობას, რომელიც უზრუნველჰყოფს იმას, რომ ცოტა ხმებით მათ არ შეეძლოთ უმრავლესობის ჩამოყალიბება, ადრე ბაქიბუქობდნენ, რომ 60-70% აიღებდნენ, მაშინ პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან, რომ ოპოზიცია დათანხმდეს ამ პრინციპს",- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვინ მოუწოდებს ოპოზიციას აღნიშნულ გადანაწილებას დათანხმდეს, კანდელაკმა არ უპასუხა და აღნიშნა, რომ დამატებით კომენტარს ამ თემაზე ვერ გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის მიერ უმრავლესობისთვის შეთავაზებული მოდელის 130/20-ზე დამატებითი მოთხოვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, აღნიშნულის დაკმაყოფილების გარეშე, ოპოზიცია ახალ გადანაწილებაზე თანხმობის მიცემას არ აპირებდა. თავის მხრივ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უარს აცხადებს უმრავლესობა.

მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამართულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.

ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.

თუმცა, ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებას არ აპირებს. როგორც ისინი აცხადებენ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე დიალოგი ხელისუფლებამ მაშინ ჩაშალა, როდესაც, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა სამწლიან პატიმრობაში გაუშვა. 

ამ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებდა, რომ 2020 წელს არჩევნები 100/50 პროპორციით გაიმართებოდაა, 2024 წლისთვის კი საქართველო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა. ოპოზიციის უარის შემდეგ, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთი საბოლოო შეთავაზება გააკეთა 110/40, მაგრამ მათ ოპოზიციისგან კვლავ უარი მიიღეს. 

ამის შემდეგ ამერიკის  ელჩის მოადგილესთან არაფორმალური შეხვედრები გაიმართა. მმართველი გუნდმა ზეწოლას კვლავ ვერ გაუძლო და კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთა, რომელიც მათი თქმით, „კვლავ ბოლოა“ და დიალოგის გაგრძელება არ აპირებენ. შეთავაზება შემდეგი სახისაა - 40%-ზე ნაკლები ხმების მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალება არ ექნება. 

მმართველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს ინდივიდუალური შეხვედრებიც შესთავაზა. „ქართული ოცნება“ მზადაა პირისპირ შეხვდეს ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას და 2020 წელს გასამართი საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე ესაუბროს.


close დახურვა