logo
ENG



თუ სირიასა და თურქეთს შორის ვითარება დაიძაბება ეს საქართველოზეც აისახება - ექსპერტები

28 თებ 202021:13
3 წუთის საკითხავი
 

 

თურქეთ-სირიის კონფლიქტის ცხელი ფაზა და დაპირისპირების გავლენები საქართველოზე, - აპირებს თუ არა მთავრობა უსაფრთხოების საბჭოს შეკრებას, ჯერჯერობით უცნობია.  საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტების თქმით, ქვეყნის მდგომარეობისა და სავაჭრო პარტნიორობის გათვალისწინებით, საქართველო მაღალი რისკის ქვეშ დგას. ამიტომ, მნიშვნელოვანია კონსულტაცია ნატო-სთან. ექსპერტები და ოპონენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად და ადეკვატურად იმოქმედონ, რადგან ზარალი დიდი და მოცულობითი შესაძლოა, იყოს.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ სირიასა და თურქეთს შორის ვითარება უფრო გამწვავდება ეს საქართველოზე გავლენას იქონიებს, ვინაიდან ის რეგიონის ნაწილია.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანას სირთულეები შესაძლოა რამდენიმე მიმართულებით შეექმნას, მაგალითად რუსეთის გააქტიურებით რეგიონში და ეკონომიკური სირთულეებით. ბათუ ქუთელიას განცხადებით, ხელისუფლებას თურქეთთან ინტენსიური ურთიერთობები უნდა ჰქონდეს.

 „აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზე  ბევრი კომპონენტით, ერთი: რუსეთის აქტიურობით შავ ზღვაზე. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის სავაჭრო ეკონომიკური და სამხედრო, ავტომატურად ამან შეიძლება საქართველოსთვის გარკვეული მნიშვნელოვანი საკითხები დააყენოს დღის წესრიგში. ეს სცენარები წესით დამუშავებული უნდა იყოს, ასევე ჩვენ ჩვენი საკონსულტაციო მექანიზმები უნდა ავამოქმედოთ ნატოსთან, რადგან ჩვენ პოლიტიკურად ნატოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ვართ რეგიონში “,-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კონსულტაციები უნდა ჰქონდეს.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სირიაში განვითარებული მოვლენები ადასტურებს რამდენად არასანდოა რუსეთის ხელისუფლება და რამდენად არღვევს ის საერთაშორისო სტანდარტებს.

„თურქეთმა მოითხოვა, როგორც ნატოს წევრმა სახელმწიფომ საბჭოს მოწვევა, ეს ითვალისწინებს მსჯელობას როდესაც ნატოს ერთ-ერთ წევრს აქვს განცდა, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება და რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ნატოსთან იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ამ ვითარებასთან დაკავშირებით ადეკვატური ჩართულობა და რეაგირება“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ასეთ ვითარებაში თუმცა რა ფორმატით მოხდება მსჯელობა ამას მათი თქმით მნიშვნელობა არ აქვს.

„მთავრობა მუშაობს საკმაოდ ინტენსიურად და ეს მუშაობა არ გამოიხატება მხოლოდ პრესის წინაშე გაკეთებული განცხადებებით. ყველა მხარესთან, ჩვენ პარტნიორებთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია. საბჭო შეიკრიბება თუ სპეციალური სტრუქტურები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, ფორმას არ აქვს მნიშვნელობა, შინაარსია ამაღელვებელი“,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

 

 


close დახურვა