logo
ENG



თუთბერიძე: რუსთავის ციხეში სააკაშვილთან წერილობითი კომუნიკაცია კვლავ შეზღუდული გვაქვს

31 დეკ 202114:35
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, ხელოვნური ბარიერების გამო სააკაშვილის წერილის გამოტანა რუსთავის N12 დაწესებულებიდან ვერ შეძლო.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ რუსთავის N12 დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფ სააკაშვილსა და მის ადვოკატებს შორის წერილობითი კომუნიკაცია კვლავ შეზღუდულია.

„კომუნიკაცია კვლავაც შეზღუდული გვაქვს. ვერ ვახერხებთ მისთვის წერილების გადაცემას და მისგან წერილობითი პასუხების მიღებას. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი და მიზანი - ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია მიხეილ სააკაშვილის კომუნიკაციისა ჩვენთან, მის ადვოკატებთან და ქართულ საზოგადოებასთან. წერილობითი კორესპონდენციის უფლება არის ნებისმიერი თავისუფლებააღკვეთილი პირის უფლება და ამის შეზღუდვა არ შეიძლება“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ასევე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, ამ დრომდე არ აძლევენ პაციენტის მონახულების უფლებას.

თუთბერიძის თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს. ის ამ დრომდე ვერ იღებს საკვებს და მისი წონა იმაზე ნაკლებია, ვიდრე შიმშილობის დასრულებისას.

***

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. 

29 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.

27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.

სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ​


close დახურვა