logo
ENG



თურნავა: ნამახვანი ჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილია

04 მარ 202112:13
3 წუთის საკითხავი
 
თურნავა: ნამახვანი ჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილია

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ ნამახვანი ჰესის პროექტი "კარგად შესწავლილია" და მზადაა, მოსახლეობაში გაჩენილ კითხვებს პირადად უპასუხოს. 4 მარტს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრებისას გეგმავს ისაუბროს, "რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება". 

"ნამახვანი ჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, მაგრამ როგორც ჩანს ჯერ კიდევ არის შეკითხვები ამ პროექტის უსაფრტხოებასთან, სარგებლიანობასთან, ჩვენ მზად ვართ, ეს კომუნიკაცია, კვირაში რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან, ექსპერტებთან, მათ შორის, სხვადასხვა პლატფორმაზე, ჩავიდეთ რეგიონებში და მეტი ვისაუბროთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება, რამდენად დიდია ამაში მსხვილი ჰესების როლი", - ამბობს მინისტრი. 

ორგანიზაცია EMC ამბობს, რომ ხელისუფლებამ ინვესტორს ტერიტორია 99 წლით, სიმბოლურ ფასად გადასცა, ამასთან, შეთანხმებაში არის პუნქტი, რომ კომპანიას უფლება აქვს, 15 წლის შემდეგ საქართველოს ელექტროენერგია არ მიაწოდოს. 

ორგანიზაციის შეფასებით, ნამახვანის კასკადის პროექტი სამართლებრივ დარღვევებს, მაღალ სოციალურ და ეკოლოგიურ რისკებს შეიცავს 

ორგანიზაციის მოკვლევით, აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს.


close დახურვა