logo
ENG



თურნავა: ნამახვანჰესის საკითხზე EU-ის თაოსნობით მედიაციის პროცესი დაიწყება

07 ივნ 202115:27
3 წუთის საკითხავი
clock 930
თურნავა: ნამახვანჰესის საკითხზე EU-ის თაოსნობით მედიაციის პროცესი დაიწყება

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ნამახვანჰესის საკითხზე ევროკავშირის თაოსნობით მედიაციის პროცესი დაიწყება. 

მისივე განცხადებით, 15-მა ორგანიზაციამ ნამახვანჰესის პროექტის შესახებ არსებული კვლევები გამოითხოვა და ახლა მათგან დასკვნას ელოდება. 

"რა თქმა უნდა, გვაქვს პერმანენტული კონტაქტი ასეთ მსხვილ ინვესტორთან. აქაც იყო ჩამოსული, ჩვენც ვიყავით, მერეც ვეკონტაქტებით. მე პირადად მაქვს ძალიან ხშირი კონტაქტი. 

რა თქმა უნდა, შეხვედრის და საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. 

ინვესტორი სრულად მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას, მით უმეტეს, უკვე წავიდნენ მნიშვნელოვან კომპრომისებზე, მაგალითად, კაშხლის მშენებლობის სრულად გადადება. ასევე, დამატებით ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, ყველა კვლევის გახსნა. 

ერთი თვის წინ ჩავატარეთ შეხვედრა ექსპერტებთან. 15-მა ორგანიზაციამ კვლევები გაიწვია. ველოდებით მათგან ისეთ დასკვნას, რომელსაც ინვესტორს მივაწვდით და ვეტყვით, რომ გადახედოს, გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს. საკმაოდ კარგი პროცესი მიდის". - თქვა ნათია თურნავამ

პარალელურად "რიონის მცველები" პროტესტს აგრძელებენ. 

დღეს, 7 ივნისს მათ ქუთაისში, კომპანია ენკას ოფისთან გზა გადაკეტეს და კომპანიის შენობის პიკეტირებას აწყობენ. 

მათი თქმით, ხეობაში სპეცქტენიკა გადაადგილდება, რომელსაც არ აქვს ენკას ლოგოები, თუმცა არის ეჭვი, რომ სწორედ ასეთი მანქანებით შეაქვთ ხეობაში საჭირო მასალა მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. 

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ხელისუფლება აქციის მონაწილეებს ეუბნება, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ "გონიერებისკენ" მოუხმო.

აღსანიშნავია, რომ 25 მაისს, მედიაგამოცემა მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.


close დახურვა