ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საკოორდინაციო საბჭო უახლოესი ორი კვირის შემდეგ დადებითობის მაჩვენებელს კიდევ ერთხელ გადახედავს და თუ ის დაბალი იქნება, არსებული რეგულაციები შემსუბუქდება. ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, ჩვენ შევძლებთ, რომ გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ. ყველაფერს შეეხება ეს ერთობლივად", - განაცხადა თურნავამ.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით, რეგულაციები რამდენიმე თვეა დაწესებულია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას აკრძალულია რესტორნებისა და კვების ობიექტების მუშაობა. დაშვებულია მხოლოდ გატანის სერვისით მუშობა.
ასევე, აკრძალულია ფართის სოციალური ღონისძიებებისთვის გაქირავება.
რაც შეეხება კომენდანტის საათს, ის საქართველოში 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.
მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.
გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო.
ბოლო შემსუბუქება მართლმადიდებლური აღდგომის ღამესაც განხორციელდა, როდესაც გადაადგილების შეზღუდვა 3 საათით ნაკლები დროით მოქმედებდა. კერძოდ, კი ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების ისე ბიზნეს სექტორის მიერ.