"თურქეთი და სირია ჩვენ არ გვესაზღვრება და ქურთები ანგელოზები არ არიან,"- ეს განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, იტალიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უარყო მოსაზრება, რომ სირიიდან ჯარების გაყვანამ ქურთები ბედის ანაბარა დატოვა და ამით თურქეთს სირიაში მწვანე შუქი აუნთო. ტრამპი მიიჩნევს რომ ამერიკელი ჯარისკაცების სახლში დაბრუნება დროულია. სირიიდან ჯარის გაყვანის გამო, ტრამპს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში აკრიტიკებენ. დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და ვიცე-პრეზიდენტს თურქეთში ელოდებიან.