შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თურქეთის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო.
უწყების ცნობით, დღესვე, პროცესში ჩაერთვება ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი და რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი.
"ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დილიდან ხანძრის სექტორების დამუშავების პროცესში ჩაერთო თურქეთის რესპუბლიკის 8-ტონიანი ავზის მქონე სახანძრო თვითმფრინავი. დღესვე, ხანძრის ქრობის სამუშაოებში კიდევ ორი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთვება.
ასევე, დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელი. მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, ადგილზე ისევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით თითქმის ყველა აქტიურ კერამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით გრძელდება ხანძრის მონიტორინგი. ადგილზე მუშაობას განაგრძობს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ"- ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, 23 აგვისტოს ღამით ბორჯომში ცეცხლმა ახალციხის სოფლებამდე მიაღწია.
ბორჯომის ხეობაში ხანძარს მეხუთე დღეა, ებრძვიან. ცეცხლის ქრობას მაღალი ტემპერატურა და ქარი ართულებს.
სამუშაოებში ვერტმფრენი მხოლოდ ხანძრის მესამე დღეს ჩაერთო.