logo
ENG



თურქეთის ელჩი ამბობს, რომ თურქული მხარე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს

10 ივნ 202212:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/10/zip92ftitmu3ecw.jpg

საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ამბობს, რომ თურქული მხარე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსტრადირებას ითხოვს.

"ის საქართველოს მოქალაქეა, შეიძლება ითქვას, ქართველი ბიზნესმენი. ის დამნაშავედ ცნეს და მისი გასამართლება 2018 წელს დასრულდა. მაშინ, ჩვენ მოვითხოვეთ მისი ექსტრადირება და ახლაც ველით ამას. ამჟამად გალიფ ოზთურქის, როგორც საქართველოს და არა თურქეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. ჩვენ კვლავ ვითხოვთ მის ექსტრადირებას", - ამბობს ელჩი.

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 31 მაისს ბათუმში დააკავეს. ოზთურქს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვაზე წარუდგინა.

ოზთურქი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, ხშირად ჩნდებოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე ყოფილ პრემიერებთან გიორგი გახარიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.

2018 წელს, თურქული მედიის ცნობით, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ოზთურქი სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა.

თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივია ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორია". 

2020 წლის მონაცემებით, გალიფ ოზთურქმა საქართველოში $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.


close დახურვა