logo
ENG



თურქეთის ცნობით, რუსეთი და უკრაინა პორტებზე ბლოკადის მოხსნის შეთანხმებას დღეს დადებენ

22 ივლ 202215:05
3 წუთის საკითხავი
 
Igor Tkachenko / Reuters

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფისის ცნობით, რუსეთი, უკრაინა და თურქეთი დღეს ხელს მოაწერენ გაეროს მიერ წარდგენილ შეთანხმებას, რითაც უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე ბლოკადა მოიხსნება.

ერდოღანის ოფისის ცნობით, შეხვედრას დაესწრება გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში. გუტიერეში თურქეთში უკვე ჩავიდა. 3 ქვეყნისა და გაეროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, თურქეთის ცნობით  ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყება.

Reuters სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრას ერდოღანთან და გუტიერეშთან ერთად რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ოლექსანდრ კუბრაკოვი დაესწრებიან.

შეთანხმების დეტალები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული მედია TASS წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ შეთანხმების შედეგად გაიხსნება უკრაინის სამი პორტი, მათ შორის ოდესის, რომელიც  უკრაინის უდიდესი პორტია.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ კი დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ტვიტერზე დაწერა, რომ სტამბულში მხარეების შეხვედრა „იქნება პირველი ნაბიჯი მიმდინარე საკვების კრიზისის აღმოფხვრაში“.

თავის მხრივ აშშ-მ განაცხადა, რომ მიესალმება ამ ტიპის შეთანხმებას და განაცხადა, რომ თვალყურს მიადევნებს რუსეთის მხრიდან შეთანხმების პირობების შესრულებას.

რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში საკვების უდიდესი ექსპორტიორები არიან. რუსეთის მხრიდან უკრაინის პორტების ბლოკადამ მსოფლიოში საკვების მიწოდების გზები შეაფერხა, დასავლეთი და უკრაინა რუსეთს საკვების კრიზისის გამოწვევაში ადანაშაულებს. 

ოდესაში 20 მილიონ ტონამდე მარცვლეული საწყობშია და რუსული ბლოკადის გამო შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტზე ვერ გადის. გარდა ამისა, უკრაინა რუსეთს მათი მარცვლეულის მარაგებისა და მინდვრების მიზანმიმართულ განადგურებაში ადანაშაულებს. 

მოსკოვი საკვების კრიზისში საკუთარ პასუხისმგებლობას უარყოფს და კრიზისის გამომწვევად დასავლეთსა და უკრაინას ასახელებს. მოსკოვის თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა შეანელა საკვების ექსპორტი, უკრაინას კი რუსეთი შავი ზღვის პორტების დანაღმვაში ადანაშაულებს.

გაერო და თურქეთი 2 თვე მუშაობდნენ შეთანხმებაზე, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტს შესაძლებელს გახდიდა.

თურქეთი, რომელსაც რუსეთთან და უკრაინასთან კარგი ურთიერთობა აქვს, აკონტროლებს შავ ზღვაში შემავალ სრუტეებს. ქვეყანა მარცვლეულის საკითხზე უკრაინასა და რუსეთს შორის მედიატორის როლს ასრულებს.


close დახურვა