logo
ENG



თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა

10 თებ 202308:14
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა.

გუშინ თურქეთში რამდენიმე ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, მათ შორის იყო 2 წლის ბიჭი, რომელმაც ჰატაიში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში 79 საათი გაატარა. დღეს კი მაშველებმა 10 წლის გოგოს ამოყვანა შეძლეს, რომელსაც ნანგრევებში 90 საათის გატარება მოუწია. 

21 051 დაღუპული ადამიანიდან სტატისტიკა ასე ნაწილდება: 17 674 გარდაცვლილი თურქეთში, ხოლო 72 879 დაშავებული, სირიაში კი 3 377 ადამიანია ამ დროისთვის დაღუპული. რაც შეეხება დაშავებულებს - 5 245 ადამიანი დაშავდა.

მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა სირიაში.

3 დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ორივე ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

თურქეთში მიწისძვრების შედეგად საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 2 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. 

რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.

***

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.


close დახურვა