logo
ENG



თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16 000 აღემატება

09 თებ 202311:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/09/tatrdxkvt4wity4.jpg

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16 000 აღემატება. ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის გარდაცვლილია 16 035 ადამიანი. 

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა განსაკუთრებით თურქეთის ტერიტორიაზე მატულობს. რაც შეეხება დაშავებულებს, მხოლოდ თურქეთში სტიქიის შედეგად 62 914 ადამიანი დაშავდა. 

თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

გარდა ამისა, თურქეთში საქართველოს 3 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 2 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. 

რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.

***

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრებიან.


close დახურვა