logo
ENG



თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა

18 თებ 202311:21
3 წუთის საკითხავი
 

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა.

მიწისძვრის შედეგად თურქეთში 39 672 ადამიანია დაღუპული, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 5 800-ს აღემატება.

მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, თურქეთში რამდენიმე ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. მათ ნანგრევებში 275 საათზე მეტი გაატარეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია საქართველოს 5 მოქალაქე.

მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა სირიაში. თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.

მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრნენ.


close დახურვა