თურქეთში საქართველოს ელჩის, გია ჯანჯღავას განცხადებით, ნანგრევებში საქართველოს ორ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. მისი თქმით, დადასტურებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქეა დაღუპული. ამის შესახებ მან გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა.
"წინასწარ გარდაცვლილად, შეიძლება, ჩავთვალოთ სამი მოქალაქე, მათგან ერთი პროზექტურაშია, ორი - არა. გუშინ ჩვენ გვყავდა 8 დაკარგული, ვიპოვეთ 5, დღის მეორე ნახევარში დაემატა 3, შემდეგ ღამის განმავლობაში შევძელით დავკავშირებოდით 4-ს და 2 ყველაზე მძიმე ფაქტი რაც არის, ეს არის 2 მოქალაქე, რომელიც იმყოფება ნანგრევებში, უკვე ამდენი ხანია, მიდის სამუშაოები. მათ შორის ერთი გაზიანთეფშია, ჩვენ მუდმივი კონტაქტი გვაქვს არა მარტო სამაშველო კორპუსთან, არამედ ახლობლებთან.
ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, მისულიყვნენ იმ მისამართზე და ჩაეგდოთ სურათები, თუ როგორ მიდის სამაშველო ოპერაცია. ერთ-ერთ ლოკაციაზე, სადაც ასევე მიახლოებით ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქე იქ უნდა ყოფილიყო, ის სახლი თბებოდა ქვანახშირით და დროდადრო ხანძარი ჩნდება. მეხანძრეები მიდიან, აქრობენ, შემდეგ მიდის ტექნიკა და ცდილობენ გაწმენდას", - განაცხადა მან.
თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11 200-მდე გაიზარდა.
თურქეთში დაღუპულია სულ მცირე 8 574 ადამიანი, ხოლო 50 ათასზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
სირიის ოფიციალური პირების განმარტებით, სტიქიის რაიონში 2 530-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
დღეს თურქეთის პრეზიდენტი სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს ეწვია. ის ჩავა კაჰრამანმარასს, ჰატაისა და პაზარჩიკს ეწვევა.
ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, ერდოღანმა 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.