თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას განცხადებით დღეს სტიქიის ზონაში გაემგზავრებიან, რათა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელონ და ისინი თურქეთის სხვა ქალაქებში გადაიყვანონ.
"მინდა გითხრათ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამთენიისას გავემგზავროთ სტიქიის ზონაში, ქალაქ ადიამანში, თან მიგვაქვს ჰუმანიტარული დახმარება. აუცილებლად მოვინახულებთ ადგილობრივ ხელისუფლებას, ჩვენს მაშველებსა და შეძლებისდაგვარად დავაანონსებთ და წამოვიყვანთ ჩვენს მოქალაქეებს ანკარამდე. ჩვენ გვინდა, ეს მცირე წვლილი შევიტანოთ მათი ევაკუაციის საქმეში.
ჩვენ ბევრ მოქალაქეს დავეხმარეთ წასულიყო საქართველოში, ან გადმოსულიყო ანკარაში, სტამბულში, იზმირში და სხვა მეტად დაცულ რაიონებში და ამჟამად, ჩვენ შევეცდებით, ევაკუაციის სქემა შევიმუშაოთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ამიტომ, ჩვენ მოგიწოდებთ თქვენ, მოქალაქეებს და მათ ახლობლებს, დაგვიკავშირდნენ ჩვენს ცხელ ხაზზე, პირადად მე, ჩვენს თანამშრომლებს და მივიღოთ მონაწილეობა მათ უსაფრთხო გადაყვანაში ქვეყნის სხვა რეგიონებში", - განაცხადა ჯანჯღავამ.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 28 000-ზე მეტი ადამიანი. მათგან 24 000-ზე მეტი დაღუპულია თურქეთში.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტის გრიფიტსი ამბობს, რომ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, შესაძლოა, სულ მცირე ორჯერ გაიზარდეს და 50 000-ს მიაღწიოს.
ბოლო დღეებში, თურქეთში რამდენიმე ადამიანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, მათ შორის იყო 2 წლის ბიჭი, რომელმაც ჰატაიში ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში 79 საათი გაატარა. მაშველებმა გადაარჩინეს 10 წლის გოგოც, რომელსაც ნანგრევებში 90 საათის გატარება მოუწია.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულია საქართველოს 5 მოქალაქე.
მიწისძვრიდან 3 დღის შემდეგ გაეროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა სირიაში. თურქეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.
***
ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში ორშაბათს, გვიან ღამით მოხდა. მისი სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას აღწევდა და მას 100-მდე ბიძგი მოჰყვა. სტიქიის გამო დაინგრა ათასობით შენობა. სხვადასხვა ქვეყნიდან თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული და სამაშველო დახმარება გაიგზავნა. სამშაბათს დილით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული თვითმფრინავები ერაყიდან და ირანიდან დამასკოს აეროპორტში ჩაფრინდა.
მაშველები გააგზავნა საქართველომ, აშშ-მა და ინდოეთმა. ევროკავშირმა გაააქტიურა კრიზისებზე რეაგირების მექანიზმი, ხოლო პალესტინიდან სამოქალაქო და სამედიცინო ჯგუფები სირიასა და თურქეთში გაემგზავრნენ.