თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. ინფორმაცია ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან"-აცხადებენ უწყებაში.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
BBC-ის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 300-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 1 498-მდეა გაზრდილი, ხოლო სირიაში, ამ დროის მონაცემებით, 810 ადამიანია დაღუპული.
ადგილზე გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მომხდარ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მასიური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა ამ რეგიონისთვის ბოლო 100 წლის განმავლობაში.
შუადღის სამი საათისთვის კი კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთსა და სირიაში ამ დროისთვის 1500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მსხვერპლის რაოდენობა სწრაფად იზრდება - მხოლოდ თურქეთში, მაშველებს ადამიანების ამოყვანა 3000-მდე დანგრეული შემობიდან მოუწევთ.