logo
ENG



თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა

08 თებ 202318:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/08/69dw1h3g2rxgzzo.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ადიამანში მიწისძვრის შედეგად ქართველი ქალბატონის ი.ჭ. გარდაცვალების შესახებ. თურქეთში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახის წევრს, რომელმაც დაადასტურა გარდაცვალების ფაქტი. მათივე ინფორმაციით გარდაცვლილი გახლავთ ორმაგი მოქალაქეობის მქონე და ოჯახის წევრების მხრიდან ხორციელდება შესაბამისი პროცედურები", - აცხადებენ უწყებაში.

დადასტურებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრას დღემდე საქართველოს 3 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11 200-მდე გაიზარდა.

თურქეთში დაღუპულია სულ მცირე 8 574 ადამიანი, ხოლო 50 ათასზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

სირიის ოფიციალური პირების განმარტებით, სტიქიის რაიონში 2 530-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დღეს თურქეთის პრეზიდენტი სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებს ეწვია. ის ჩავა კაჰრამანმარასს, ჰატაისა და პაზარჩიკს ეწვევა.

ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. ამასთან, ერდოღანმა 10 რეგიონში სამი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

რაც შეეხება სირიას, სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, სიცივისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის გამო სამაშველო სამუშაოები გართულებულია. ამას ემატება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და სამხედრო კონფლიქტი.


close დახურვა