დღეს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - მას შემდეგ, რაც პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, პირველი ორი კანდიდატი საბოლოო გამარჯვებისთვის დღეს იბრძოლებს.
მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის კონკურენტმა და ფართო ოპოზიციური ალიანსის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ამ არჩევნებს თურქეთის მომავლის რეფერენდუმი უწოდა - პირველ ტურში მან ხმების 44,88% მიიღო, ხოლო ერდოღანმა - 49,52%.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე იხურება- ევროპასა და აშშ-ში თურქმა ემიგრანტებმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს. პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 88,8% შეადგინა. ამასთან, 23 მაისს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა საჯაროდ დააფიქსირა, რომ მეორე ტურში ის მხარს ედროღანს დაუჭერდა.
თურქეთში წინაასაარჩევნო კამპანია დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გააკრიტიკა თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ბრალდებების გამო და განაცხადა, რომ მისი მეტოქე მითითებებს ბაიდენისგან იღებს, ვისი მიზანიც "ერდოღანის ჩამოგდებაა".
11 მაისს ქემელ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი იმ ვიდეოზე, რომელიც არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციას ემსახურება.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით შეუძლებელია, კითხვები არსებობდეს და "ყველა, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს მატყუარაა".
ერდოღანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა სოფლის მეურნეობის, თავდაცვის ინდუსტრიასა და ტურიზმში.
ერდოღანმა ქილიჩდაროღლუს შესახებ თქვა, რომ ის მითითებებს ამერიკისგან იღებს - მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ბაიდენმა "ერდოღანის ჩამოგდების" განკარგულება გასცა