ია კერზაიას საქმე, ჩაშლილი ტენდერები, წიგნის ეროვნული ცენტრის და გამოცდების გაუქმება - ეს ის არაპოპულარული გადაწყვეტილებებია, რომელიც მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრობის დროს მიიღო. პოლიტიკურ სპექტრში ამბობენ, რომ შელახული რეპუტაციის მინისტრი ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ მოიშორა.
ყველაზე მეტად მისი მინისტრობის პერიოდს ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, გარდაცვალება უკავშირდება. კერზაია, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სწორედ გუშინ კერზაიას შვილის სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა.