logo
ENG



იაგი ხვიჩია პარლამენტს კანაფის მოხმარების ლეგალიზაციის კანონპროექტის მხარდაჭერას სთხოვს

30 ნოე 202113:43
3 წუთის საკითხავი
clock 793
იაგი ხვიჩია პარლამენტს კანაფის მოხმარების ლეგალიზაციის კანონპროექტის მხარდაჭერას სთხოვს

იაგო ხვიჩია პარლამენტს გირჩის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერას სთხოვს. 

საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელშიც წერია, რომ 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) შენიშვნას დაემატოს პუნქტი, რომელითაც, ეს მუხლი კანაფზე არ გავრცელდება. 

ასევე, კანონპროექტით მოთხოვნილია 273-ე მუხლის გაუქმება. 273-ე მუხლი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას უკანონოდ მიიჩნევს და ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან პატიმრობას ითვალისწინებს. 

იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ გირჩმა მარიხუანის ლეგალიზაციას საკონსტიტუციო სასამართლოში 4 წლის წინ მიაღწია, თუმცა, ვითარება არ შეცვლილა და 84 ადამიანი ნარკოტიკების მოხმარებისთვის სასჯელს დღესაც იხდის. 

"4 წლის შემდეგაც ჩვენ ზუსტად იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ადამიანები სასჯელს იხდიან იმის გამო, რაც ადამიანის უფლებად გამოაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ. 

სამართლის სისტემაში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. დეკრიმინალიზაციის გადაწყეტილებასაც მივაღწიეთ, ლეგალიზაციის გადაწყვეტილებასაც. ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები ამ ყველაფრის ავტორები, შემოტანილი გვაქვს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ამბობს, რომ კრიმინალი არ უნდა იყოს კანაფის მოხმარება და ადამიანები ამის გამო ციხეში არ უნდა ისხდნენ. 

და დღესაც გვესმის ის არგუმენტები, რომლებიც გვესმოდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ არგუმენტებს ჩვენ ერთხელ უკვე ვუპასუხეთ. საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიჯერა. გვინდა, რომ პარლამენტმაც დაგვიჯეროს. 

მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით". - თქვა ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

2018 წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ "მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას". 

თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს მარიხუანის სრულ ლეგალიზებას. ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში კვლავ რჩება ჩანაწერები, რომელიც მძიმე სანქციებს ითვალისწინებს, მათ შორის არის გასაღება, შეძენა, კულტივირება. 


close დახურვა