logo
ENG



იაპონელი კაცი, რომელიც სიკვდილით დასჯის აღსრულებას 56 წელი ელოდებოდა, გაამართლეს

26 სექ 202418:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/26/l4vx1j2d8cqpc2a.jpg

88 წლის იაპონელი ივაო ჰაკამადა, რომელიც სიკვდილით დასჯის აღსრულებას 56 წელი ელოდა, გაამართლეს. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჰაკამადას წინააღმდეგ მოპოვებული მტკიცებულებები გაყალბებული იყო. ეს არის ყველაზე დიდი ვადა, რომელიც ვინმეს ოდესმეს სიკვდილით დასჯის მოლოდინში გაუტარებია.

ივაო ჰაკამადას სიკვდილით დასჯა 1968 წელს მიუსაჯეს. მას საკუთარი უფროსის, მისი ცოლისა და მოზარდი შვილების მკვლელობა ედებოდა ბრალად.

ჰაკამადას საქმის გადახედვა 2014 წელს გადაწყდა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაიზიარა იმის შესახებ, რომ გამომძიებლებმა, რომლებიც საქმეზე მუშაობდნენ, შესაძლოა, მტკიცებულებები გააყალბეს.

თვითონ ივაო ჰაკამადა პროცესებზე არ იმყოფებოდა. ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესების გამო სასამართლომ იგი დასწრებისგან გაათავისუფლა. ადვოკატებისა და ოჯახის წევრების თქმით, წლობით პატიმრობამ და ძირითადად სამარტოო საკანში განაჩენის მოლოდინმა, მის ფსიქიკას დიდი ზიანი მიაყენა.

2014 წელს სასამართლომ იგი ციხიდან გაათავისუფლა, რამაც საშუალება მისცა საქმის გადახედვას დის მზრუნველობის ქვეშ დალოდებოდა.

ჰაკამადა ყოფილი პროფესიონალი ბოქსიორია. 1966 წელს ის მისოს მწარმოებელ ქარხანაში მუშაობდა. ამავე პერიოდში მისი დამსაქმებლის სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგადაც სახლიდან ოჯახის ოთხივე წევრის ცხედრები ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ხანძრის გაჩენამდე ისინი მოკლეს.

პოლიციამ ოჯახის მკვლელობაში, ხანძრის გაჩენასა და 200 ათასი იენის მოპარვაში ჰაკამადა ადანაშაულა.

თავდაპირველად იგი უარყოფდა ბრალს, თუმცა მოგვიანებით აღიარებითი ჩვენება მისცა, თუმცა განაცხადა, რომ ჩვენებას ზეწოლის გამო აძლევს, რადგანაც დაკითხვებისგან და ცემისგან დაიღალა.

1968 წელს ის დამნაშავედ ცნეს და სიკვდილი მიუსაჯეს.


close დახურვა