ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, გიგი უგულავა ამბობს, რომ მის საარჩევნო პლაკატებს ქართული ოცნების კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის პლაკატები გადააკრეს.
დღეს, 6 სექტემბერს ზუგდიდში გიორგი გახარია ამომრჩეველს ჩიქოვანს წარუდგენს. გიგი უგულავას თქმით, სწორედ ამიტომ გააქრეს მისი პოსტერები, თითქოს ოპოზიცია არც არსებობს.
თუმცა, როგორც ამბობს, საპასუხოდ ზუგდიდის ქუჩებში კარიკატურულ პოსტერს გამოფენს, რომელზეც მის მიერ ივანიშვილის გაძევებაა ასახული.
"სირცხვილია შევარდნაძის დროინდელი ტაქტიკით მუშაობა, ადრე სადაც შევარდნაძე ჩადიოდა, მხოლოდ იქ აგებდნენ ასფალტს, ახლა გახარიას პლაკატები დაახვედრეს, თითქოს მე აქ არ ვარსებობ. ამიტომ, ველურობაზე მე არ ვპასუხობ ველურობით და ბატონ მინისტრს დავხვდებით პლაკატებით, სადაც კარიკატურულად გამოსახულია ბატონი ივანიშვილის გაძევება ზუგდიდიდან.
დღეს მთელი დღე, როდესაც გახარია გადაადგილდება ზუგდიდში, ყველგან დახვდება ივანიშვილი, რომელსაც ჩემოდანი აქვს ჩალაგებული და იპარავს ზუგდიდის აბრას. ეს არის ქართული ოცნების მდარე, პატარა, ველური სახე, თუმცა 31 ოქტომბერს მოხდება ის, რაც ამ კარიკატურაზეა აღწერილი, ზუგდიდის აბრას გავატანთ ბატონ ივანიშვილს საჩუქრად, ჩემოდანი ჩალაგებული აქვს და შესაბამისად მიბრძანდება არამარტო ზუგდიდიდან, არამედ მთლიანი საქართველოდან" - ამბობს გიგი უგულავა.
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაწყებულია. არჩევნების შედეგად პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 - პროპორციულით.
ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში უგულავაა, ქართული ოცნების - ირაკლი ჩიქოვანი.
ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს ამომრჩეველს მმართველი გუნდის ლიდერები წარუდგენენ. ყველა ღონისძებას უშუალოდ ესწრება პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.