logo
ENG



ივანიშვილის გუნდი კვლავ ამტკიცებს, რომ სააკაშვილს უკრაინაში მოგონილი თანამდებობა მისცეს

08 მაი 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნამ „ქართულ ოცნებას“ დიპლომატიურ ენაზე საუბარი დაავიწყა. ახლა ქვეყანა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციის მოლოდინშია. საქართველოს მიერ ელჩის გამოწვევას უკვე უწოდა შეცდომა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკმაყოფილებისა და ელჩის გამოძახების მიუხედავად, ივანიშვილის გუნდი კვლავ ამტკიცებს, რომ სააკაშვილს უკრაინაში მოგონილი თანამდებობა მისცეს.

ამ დრომდე უცნობია, დაიბარა თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი საქართველოში ახსნა განმარტებებისათვის. ხელისუფლება და მმართველი გუნდი შეშფოთებას არ მალავს. მიზეზეი-უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნაა. უკრაინის ელჩი „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ცალკეული პიროვნების დანიშვნით არ განისაზღვრება

„ფორმულას“ კითხვას საქართველოს ელჩის გამოწვევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, იგორ დოლგოვმა დიპლომატიურად აარიდა თავი. უფრო მკვეთრი თავად უკრაინის პრეზიდენტი იყო. ქართული მხარის შეცდომა - ასე შეაფასა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისში მიღებული გადაწყვეტილებები.

„შეიძლება ვიკითხო, როგორ დაბრუნდება გაწვეული ელჩი სახლში?“ - ხუმრობით უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა მისი დანიშვნის გამო უკრაინიდან ელჩის გაწვევას. ფეისბუქის პოსტში მან დაწერა, რომ უკრაინისა და საქართველოს ახლო მეგობრულ ურთიერთობებს ხელს ვერაფერი შეუშლის. 

დავით ზალკალიანი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშილი თავდაპირველად შეთავაზებულ პოსტზე ვიცე-პრემიერად, სწორედ საქართველოს მთავრობის პოზიციის გათვალისწინების გამო არ დანიშნეს. 

„ქართული ოცნება“, სააკაშვილის დანიშვნის მიმართ მწვავე რეაქციის მიუხედავად, ამტკიცებს რომ ამ საკითხისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი. პარტიის გენერალური მდივანი სააკაშვილის თანამდებობას გამოგონილს უწოდებს. უმრავლესობის ლიდერისთვის კი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია. 

ვიწრო პარტიულ ინტერესებს უკავშირებენ ელჩის გამოწვევას ნაციონალურ მოძრაობაში. ნიკა მელია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ნაციონალური მოძრაობის დაკნინებას ცდილობს, თუმცა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. 

„ევროპულ საქართველოშიც“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, საკუთარი ქმედებებით ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები არ დააზიანოს. 

უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე იგივე ნაბიჯი მეგობარი ქვეყნის მხრიდან მოსალოდნელი არ არის. ზუსტად რა გავლენას მოახდენს ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ჯერ უცნობია, თუმცა ოპოზიციაში ვარაუდობენ რომ „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა ხელისუფლების დატოვების ფასადაც დაუჯდეს.

 


close დახურვა