ევროპარლამენტარები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიურ ანგარიშში შესწორებების ინიციატივით გამოდიან.
ცვლილებების დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დასავლეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაა, რომელიც შესწორების დოკუმენტში 12-ჯერ არის ნახსენები.
ასევე საუბარია კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელებისადმი თავდასხმებზე და ნახსენებია მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფორმულას დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი და ტვ პირველის მფლობელები და დირექტორი: ავთანდილ წერეთელი და ვატო წერეთელი.
შესწორების ტექსტში არგუმენტები იმისა, რომ ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს სხვადასხვაა, რიგ შემთხვევაში კი ეს უკავშირდება უკრაინაში წარმოებულ რუსულ ომსა და მის ხელშეწყობას საქართველოს, კონკრეტულად ივანიშვილის მხრიდან.
არგუმენტებში მოყვანილია უკრაინის ეროვნული საიტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილსა და მის ახლო გარემოცვას სანქციები უნდა დაუწესდეს.
ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ცვლილებების ტექსტში ითხოვს, რომ რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, პერსონალური სანქციები დაუწესდეს ივანიშვილსა და მის თანამოაზრეებს.
"ევროპარლამენტი შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსი ხალხი და სუბიექტები, სავარაუდოდ, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, განიხილონ ეს ბრალდებები, კერძოდ, სხვადასხვა ანგარიშები, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიში, ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ. თუ ეს ბრალდებები დადასტურდება, ითხოვს პერსონალური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ", - აღნიშნულია ფოტიგას ცვლილებების ტექსტში.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს ერთადერთი ოლიგარქი, რომელსაც გადაჭარბებული გავლენა აქვს საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
"ევროპარლამენტი ხაზს უსვამს აუცილებლობას, აღმოიფხვრას საკუთრივ ინტერესების გადაჭარბებული გავლენა საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან", - აღნიშნულია კუბილიუსის შესწორებაში.
შესწორების დოკუმენტში საუბარია ანტიდასავლურ რიტორიკაზეც, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ. ასევე, ერთ-ერთი ვრცელი ნაწილი ეთმობა ქართულ მედიას და გაუარესებულ მდგომარეობას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "საქართველოში მედიის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება" და ნახსენებია, როგორც 5-6 ივლისის მოვლენები, ასევე ხაზგასმულია ფორმულას, მთავარი არხის და ტვ პირველის დამფუძნებლების წინააღმდეგ წარმოებული საქმეები.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ძალაში დატოვა, კიდევ უფრო ართულებს მედიის მდგომარეობას.
გარდა ამისა, შესწორებაში ნათქვამია, რომ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელები საქართველოში ხშირად ხდებიან პოლიტიკური დევნის მსხვერპლი.
"სინანულს გამოვთქვამთ კრიტიკული მედიის, მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე. ასევე, სხვა კრიტიკული მედიასაშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია პირველის დამფუძნებლებისა და დირექტორების დევნაზე. ასევე კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილის პრაქტიკაზე. ეს არის ცილისწამება და პოლიტიკური ზეწოლა დამოუკიდებელ მედიაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება", - აღნიშნულია ევროპარლამენტარ კუბილიუსის შესწორებაში.
შენიშვნებში საუბარია მიხეილ სააკაშვილზეც და აღნიშნულია, რომ "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება და მას, ჯერ კიდევ აკლია სათანადო ზრუნვა, რომელიც იწვევს შიშს მის სიცოცხლესთან დაკავშირებით". რეკომენდაციის სახით მოცემულია, რომ მისი გადაყვანა უნდა მოხდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
შესწორებების ტექსტს დისკუსიისთვის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე. სავარაუდოდ, ხვალ, 8 ნოემბერს წარადგენენ. საბოლოოდ კი, დოკუმენტი კენჭისყრაზე 21 ნოემბერს გავა.