logo
ENG



ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა, ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები - სამადაშვილი

11 ივნ 202012:15
3 წუთის საკითხავი
clock 474

ოპოზიცია ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ გზავნილს ეხმაურება. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, მმართველი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ერთი გზა აქვს დარჩენილი და ეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და მისი შედეგების უპირობოდ მიღებაა. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის უცხოელი პარტნიორები 8 მარტის შეთანხების შესრულებასაც ელოდებიან. 

"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან იმ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც რეალურად მისცემს საქართველოს შესაძლებლობას დაბრუნდეს დასავლურ ორბიტაზე და ჩამოეხსნას რუსეთის გავლენის სფეროს. ეს განცხადება ნიშნავს ერთადერთ რამეს - ბიძინა ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა. ეს გზა პირველ რიგში არის 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება, ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და სამართლიანი არჩევნების შედეგების უპირობო მიღება", - აღნიშნა სამადაშვილმა. 

კონგრესმენების მიერ კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნების ერთ-ერთ მიზეზად დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლას ასახელებს. ბესელია მიიჩნევს, რომ პარტნიორებს ანგარიშის გამოქვეყნებისკენ ხელისუფლების არადემოკრატიულმა ნაბიჯებმა უბიძგეს.

"პირველი განმსაზღვრელი იყო არადემოკრატიული ნაბიჯები, რომლებმაც ეჭვქვეშ დააყენა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები. ამით ბუნებრივია ვაძლიერებთ ჩვენი ჩრდილოვანი მეზობლის გავლენების შესაძლებლობას და საფრთხეებს. მეორე იყო მართლმსაჯულების რეფორმა, რომელმაც აბსოლუტური იმედგაცრუება გამოიწვია ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორში. მესამე ეს იყო ანაკლიის პორტის დიდი პროექტი, რომლის ჩაშლამ შეიძინა ისეთი სახე, რომლის მიმართაც პირდაპირ თუ ირიბად აქვს ინტერესი ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და რამდენიმე ისეთი საკითხი, რომელიც კორუფციულ ინტერესებს აჩენს", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.


close დახურვა