logo
ENG



ილია მეორე: ნუ დავუმძიმებთ ერთმანეთს ცხოვრებას, ისედაც მძიმეა

17 ნოე 201913:29
3 წუთის საკითხავი
 
2thbi85ijqen9bq.png

„ერთმანეთს დავეხმაროთ, ვუშველოთ, ნუ დავუმძიმებთ ცხოვრებას, ისედაც მძიმეა ცხოვრება,“-  ამის შესახებ ილია მეორემ დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ქადაგებისას პატრიარქმა მართლმადიდებელ ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ საკუთარი შვილები სახარების  ნიადაგზე აღზარდონ.

ილია მეორემ დღეს სხვადასხვა ორგანიზაცია და ოჯახები დალოცა. მან საყოველთაო ნათლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვების მომდევნო ნათლობა შაბათს გიორგობის დღეს სამების საკათედრო ტაძარში შედგება.

„ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითის ფსალმუნებს და იქ წერია ეს სიტყვები: დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. ყოველმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანის ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა.

ლოცვაში მამაო ჩვენოს რომ ვკითხულობთ არის სიტყვები: პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. გიფიქრიათ, რატომ ამბობს უფალი: მომეც ჩვენ დღეს? ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო და მომავალი და წარსული ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენი ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება ყველაფერი არამყარია. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ნაბიჯია დიდსა და მცირეს შორის.

ჩვენ უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილები სახარების ნიადაგზე. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოწყალება. წყალობა ღვთისა მეტად რთული მოსაპოვარია, უნდა დაიმსახურო წყალობა ღვთისა ადამიანმა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი წყალობისათვის. რთული დროა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მადლობელნი ღვთის დიდი წყალობისა. ღვთის წყალობა გფარავდეთ თქვენ. ღვთის წყალობამ დაიცვას და დაიფაროს საქართველო. ერთმანეთს დავეხმაროთ, ვუშველოთ, ნუ დავუმძიმებთ ცხოვრებას ისედაც მძიმეა ცხოვრება. პავლე მოციქული ამბობს, ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ. ქრისტეს წყალობა ღვთისა იყოს თქვენთან.

დღეს ვლოცავთ ოჯახებს და სხვადახვა ორგანიზაციას. მომავალ შაბათს არის გიორგობა. 15 წელი სრულდება რაც გიორგობის დღეს გაიხსნა ეს წმინდა ტაძარი. ასევე შეგახსენებთ რომ ნათლობა ბავშვების შედგება შაბათს გიორგობის დღეს ამ წმინდა ტაძარში,“- აცხადებს ილია მეორე.

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვას სამეგრელოდან ჩამოსული მრევლი და სამღვდელოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


close დახურვა