სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშისა და შეძახილების - „გვიყვარხარ, პატრიარქო!“ - ფონზე გამოასვენეს. სამგლოვიარო პროცესია, რომლის უსაფრთხოებას სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორი იცავს, პატრიარქს სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებს, სადაც მისი დაკრძალვა იგეგმება.
გამოსვენებამდე სამების ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. წესის აგების მსახურება მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულა.
ილია II 17 მარტს გარდაიცვალა. ბოლო სამი დღის განმავლობაში სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა, სადაც ათასობით მოქალაქე პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად 24 საათის განმავლობაში, მრავალსაათიან რიგებში იდგა. საქართველოს ეკლესიის მეთაურს მისივე ანდერძისამებრ სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
