ილია ჯიშკარიანის ადვოკატი ამჯერად თამთა თოდაძეს პოლიტიკური მოტივაციის ქონაში ადანაშაულებს. მარიამ კუბლაშვილის თქმით, დაცვის მხარეს ჰყავს მოწმე, რომელიც ამ ყველაფერს ადასტურებს.
თამთა თოდაძის მეგობარი, რომელიც საქმეში დაცვის მხარის მოწმეა, „ქართული ოცნების“ აქტივისტია. გიორგი შუბითიძე ამბობს, რომ დაზარალებული შემთხვევამდე პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაზე საუბრობდა.
"თამთა ამბობდა, რომ მას კონკრეტულ პარტიაში შეჰპირდნენ პარლამენტში ტრიბუნას და იმას, რომ ის მონაწილეობას მიიღებდა საერთაშორისო მისიებში. მას ყოველთვის უნდოდა პოლიტიკური კარიერის გაკეთება" - გვიამბობს გიორგი შუბითიძე.
პარალელურად თოდაძის ადვოკატი იმ სამართალდამცველების დაკითხვას მოითხოვს, რომლებიც პირველად მივიდნენ შემთხვევის ადგილას. მისივე თქმით, საქმეში უკვე დევს ადგილზე მისული ექიმების დასკვნა. სასწრაფო დახმარების ექიმები ადასტურებენ, რომ თოდაძეს ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანებები.
"ჩვენ პროკურატურას ვთხოვთ ყველა იმ პირის გამოკითხვას, რომლებიც იმყოფებოდნენ თამთასთან სახლში. საქმეში უკვე დევს იმ ორი ექიმის დასკვნა, რომლებიც ადასტურებენ, რომ თამთას ჰქონდა დაზიანებები შემთხვევის შემდეგ" - აცხადებს თამუნა ლუკავა.
თამთა თოდაძე ყოფილ უფროსს, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10000-ლარიანი გირაო შეეფარდა.