logo
ENG



ილიაუნის რექტორი უნივერსიტეტის დაზიანების მცდელობებზე საუბრობს

02 ივნ 202315:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/02/zhr5z83fptnd93a.png

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი უნივერსიტეტის დაზიანების მცდელობაზე საუბრობს. ნინო დობორჯგინიძე ეხმაურება რუსთავი 2-ზე გასულ სიუჟეტს, სადაც მას ნასამართლევს უწოდებენ და უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. 

ნასამართლეობის შესახებ ბრალდებას ნინო დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2010 წელს ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მისი დისშვილი დაიღუპა.

ილიაუნის რექტორის თქმით, უნივერსიტეტზე ფინანსური საფუძვლით თავდასხმის მიზეზი არ არსებობდა და ახლა გამოიკვეთა, რომ რეალური მიზანი "მისი ფსიქოლოგიური განადგურება და ამით უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებაა".

"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა.

იმედი მაქვს, ისინი ამ ბინძურ სიუჟეტს ვერ/არ ნახავენ, თვალს აარიდებენ. პირადად მე ამის შეხსენება არ მჭირდება, მე ამაში ვცხოვრობ 2010 წლის აგვისტოდან ყოველ წამს.

დღევანდელი სიუჟეტით ბოლოსდაბოლოს გაირკვა რეალური მიზეზი, რატომ დაესხნენ თავს ილიას უნივერსიტეტს. არანაირი ფინანსური საფუძველი რომ არ არსებობდა, თავადაც კარგად იცოდნენ.

ეს წინასწარი მოსამზადებელი ფაზა იყო ჩემი ფსიქოლოგიური განადგურებისთვის და ამით უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებისთვის.

ეს ტრაგედიაც მაძლევს ძალას, ბევრად უფრო მეტზე ვიფიქრო, ვიდრე ჩემი საკუთარი პრობლემებია.

რასაც დღეს ილიას უნივერსიტეტი აკეთებს, ის ყველას გვჭირდება, ქართულ საზოგადოებას სჭირდება და თუნდაც ასეთი არაადამიანური თავდასხმა ვერ შემიშლის ხელს, გავაგრძელო საქმიანობა, როგორც პროფესორმა და როგორც ამ უნივერსიტეტის რექტორმა." - წერს ნინო დობორჯგინიძე.

ორგანიზაცია სტუდენტები სამართლიანობისთვის წევრები ილიაუნის რექტორს, ნინო დობორჯგინიძეს, თანხის არამიზნობრივ ხარჯვასა და ნეპოტიზმში სდებენ ბრალს. ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ ნინო დობორჯგინიძე წარსულში ნასამართლევია და მას არ აქვს "მორალური და იურიდიული უფლება", იყოს უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე.

განახლება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, ორგანიზაცია სტუდენტები სამართლიანობისთვის არცერთი დამფუძნებელი ილიაუნის სტუდენტი არ არის. 

"მივმართავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ნინო დობორჯგინიძეს, უარყოს ან დაადასტუროს ფაქტი, არის თუ არა ნასამართლევი. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, მაშინ რა მორალური და იურიდიული უფლებით არის ეს ქალბატონი ნინო დობორჯგინიძე დღეს, კიდევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენ გვაინტერესებს სად დაიხარჯა 4 წლის განმავლობაში 318 მილიონი ლარი, რა აქტივობებში იყო დახარჯული ეს თანხა, თუმცა ამაზე ინფორმაცია დღეს კიდევ არ გვაქვს," - აცხადებს სტუდენტი ენი ჩერქეზიშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

მომხდარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიგა ზედანიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ესაა პირადი ტრაგედიის გამოყენება სამარცხვინო თავდასხმისათვის არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ ინსტიტუციაზეც".


close დახურვა