logo
ENG



ილიჩოვას ადვოკატი: იმედი გვაქვს, სასამართლო ეცდება მაინც, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღოს

28 იან 202112:00
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების - ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობაში დარჩენის აღარანაირი სისხლისსამართლებრივი მიზანი არ არსებობს.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.

"ყველა არგუმენტი არსებობს და სასამართლოს წინაშე წარვადგენთ, თუ რატომ უნდა შეიცვალოს მათთვის შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უფრო ნაკლებად მძიმე - არასაპატიმრო ღონისძიებით. თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ამ არასაპატიმრო ღონისძიებებს ვთავაზობთ ალტერნატივის სახით, რადგან უმჯობესია და ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს ბრალდებულები სასამართლომ", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და დაკავებული კარტოგრაფები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან. 

"ერთადერთი ადეკვატური მოლოდინი, რაც შეიძლება დღეს გვქონდეს სასამართლოსგან, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, უდანაშაულო ადამიანები დავიხსნათ უკანონო პატიმრობიდან, რომელშიც ისინი აქამდე იმყოფებიან. იმედი გვაქვს, სასამართლო იქნება ადეკვატური და უპასუხებს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომელიც მინიმალურია ზოგადად სამართლიანი სასამართლოს არსებობისთვის. გვწამს, რომ სასამართლო ეცდება მაინც, მიიღოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება დღეს", - განაცხადა გიორგი მახარაძემ. 

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. პარალელურად, სასამართლოსთან დაკავებულების მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.

მანამდე, გამოძიების დასასრულს, პროკურატურამ გაასაჯაროვა ფარული ჩანაწერები ივერი მელაშვილის მონაწილეობით. დაცვის მხარე ამბობს, რომ ეს ჩანაწერები, პირიქით, ბრალდებულის უდანაშაულობაზე მიუთითებს, მის გამოძიების ბოლო ეტაპზე გამოქვეყნებას კი პროპაგანდისტული დანიშნულება ჰქონდა.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება მათ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 


close დახურვა