logo
ENG



ილონ მასკის კომპანიის Space X-ის რაკეტა ორ ასტრონავტთან ერთად კოსმოსში გაემგზავრება

27 მაი 202020:50
3 წუთის საკითხავი
 
p8hiybzqu6vn2qm.jpg

ნასა ისტორიული ექსპედიციისთვის ემზადება. 9 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ამერიკული ხომალდით და ამერიკის ტერიტორიიდან კოსმოში პირველად გაუშვებენ ხომალდს ორ ასტრონავტთან ერთად. პროექტი 3 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა და ეკიპაჟი კი ორი წლის წინ შეარჩიეს. სფეის იქსის მიერ შექმნილი რაკეტის გამგზავრებას თვალს ილონ მასკი და დონალდ ტრამპი ერთად მიადევნებენ. 

4 საათში ილონ მასკის კომპანიის სფეის იქსის რაკეტა ორ ასტრონავტთან ერთად კოსმოსში გაემგზავრება. 9 წლიანი პაუზის შემდეგ ქრუ-დრეგონი პირველი ამერიკული ხომალდი გახდება, რომელსაც ნასა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟთან ერთად შეერთებული შტატების ტერიტორიიდან გაუშვებს. 2011 წელს, როდესაც შატლების პროგრამა დაიხურა, ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში რუსული რაკეტებით მიემგზავრებოდნენ, რაც სააგენტოს 86 მილიონი დოლარი უჯდებოდა. ნასაში დღეს აცხადებენ, რომ ქრუ-დრაგონის გაშვებით, ქვეყნის კოსმოსური ინდუსტრიის ისტორიაში ახალი ერა იწყება.  

პირველი ექსპედიციისთვის ნასამ რაკეტა მილიარდერი ილონ მასკის სპეის იქსს დაუკვეთა. პროექტის საერთო ჯამში სამი მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. ორი წლის წინ შეარჩიეს გამოცდილი ასტრონავტები - რობერტ ბენკენი და დაგლას ჰერლი. ორივემ პანდემიის გამო გარკვეული პერიოდი მკაცრ საკარანტინე პირობებში გაატარა. ასტრონავტებმა მისიამდე რამდენიმე დღე ინტენსიურ ვარჯიშს დაუთმეს და გენერალური რეპეტიციაც გაიარეს. 

ფლორიდის კოსმოსურ ცენტრში საათში ერთხელ ამოწმებენ ამინდს და დარწმუნებული არიან, რომ ისტორიულ ექსპედიციას ხელს უამინდობა არ შეუშლის. დრაგონის გაშვებას პირადად მიადევნებს თვალს დონალდ ტრამპი, მაიკ პენსთან და ილონ მასკთნ ერთად. 

ყურადღებით ადევნებენ თვალს ამერიკელების მისიას რუსეთშიც. ერთი თვის წინ ვლადიმერ პუტინმა კოსმოსური ძალების ხელმძღვანელობას დაავალა ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რუსეთი პილოტირებული კოსმოსური ფრენების ლიდერ ქვეყნად დარჩეს. 

ილონ მასკის ქრუ-დრაგონი, რომელიც მანამდე სატვირთო ხომალდის ფუნქციას ასრულებდა, საერთშორისო კოსმოსურ სადგურს გამგზავრებიდან 19 საათში შეუერთდება. ისტორიული ექსპედიციის ეკიპაჟი კი ორბიტაზე ერთიდან სამ თვემდე დარჩება.


close დახურვა