საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოქალაქეებისთვის დაწესებულ საბანკო შეღავათებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განცხადებით, იმ პირებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგეს და რომლებსაც სახელმწიფო ეხმარება, კრედიტები გადაუვადდებათ. გახარიას თქმით, ეს ეხება ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფო სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ეხმარება.
გახარიას განცხადებით, ყველა მოქალაქეს, რომელსაც შემოსავალი შეუმცირდა, აქვთ შესაძლებლობა მიმართონ ბანკს და საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება 3 თვით მოახდინონ.
„საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან ერთად თანამშრომლობის შედეგად კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს, კრედიტის პროცენტის გადასახადი 3 თვით გადაუვადა. ეს სამი თვე უკვე გავიდა და გუშინდელ შეხვედრაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურეობა. ეს ეხება ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფო სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ეხმარება.
"გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი, თუ თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით. ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.