ტელეკომპანია იმედის განცხადებით, ისინი წინასაარჩევნოდ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.
როგორც იმედის განცხადებაშია ნათქვამი, ყოველდღე გვიან ღამემდე საინფორმაციო ეთერი, პოლიტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც "მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა მორალური ზიანი მიაყენა".
"ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ნაციონალური მოძრაობის მმართველობა ხალხისთვის და მედიისთვის და ვერ დავუშვებთ მის რევანშს. იმედი, როგორც ამ ბრძოლის სიმბოლო, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, ზუსტად ისე, როგორც 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. მიგვაჩნია, რომ სისხლიანი რეჟიმის სიმბოლოები და სახეები არ უნდა ფიქრობდნენ ძალაუფლების დაბრუნებაზე, არამედ ისინი უნდა იხდიდნენ სასჯელს დანაშაულებისთვის სასამართლო განაჩენის შესაბამისად.
ეს არის ჩვენი მისია, ვილაპარაკოთ სიმართლე და არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება, რომელიც ყველას გვახსოვს. იმედი არის ტელევიზია, რომელიც თავის დროზე მიიტაცეს, დაარბიეს, რომლის ჟურნალისტებს უმოწყალოდ გაუსწორდნენ. სწორედ სიმართლისთვის, რეჟიმისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა ჩვენი არხის დამფუძნებელი.
დღეიდან იმედი ბრძოლის წინა ხაზზე იქნება. ყოველდღე, გვიან ღამემდე, საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა უმძიმესი მორალური ზიანი მიაყენა.
ხალხი თავის სათქმელს ყოველდღიურად იტყვის იმედის სპეციალურ ეთერში. ადამიანები გაიხსენებენ უმძიმეს წლებს, უმძიმეს დღეებს და რეჟიმს, რომელმაც მათი ღირსება, თავისუფლება და ჯანმრთელობა, მათი ოჯახის წევრების სიცოცხლე ხელყო", - წერია განცხადებაში.