logo
ENG



იმნაიშვილი: R2-ში კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და გადაწყდება, ვინ გადავა იზოლაციაში

11 სექ 202016:54
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, არხზე ამჟამად ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს:

"არხი ასეთი სიტუაციისთვის წინასწარ მოემზადა. ჩვენ წინასწარ გვქონდა ნაყიდი, როგორც სწრაფი ტესტები, ისე ეკიპირება. ამ მომენტისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ვგეგმავთ სამუშაოებს, რომელიც ყოველი პროცედურის დროს, რისკების შესამცირებლადაა. ვადგენთ კონტაქტებს და იმის მიხედვით, თუ რა შედეგებს მივიღებთ, გადაწყდება თანამშრომელთა რა ნაწილი დარჩება ტელევიზიაში და რა ნაწილი გადავა იზოლაციაში", - განაცხადა იმნაიშვილმა. 

მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს ღამის კურიერი აღარ გავა. ეთერში იგეგმებოდა ინტერვიუ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძესთან. 

რაც შეეხება არხის გეგმებს, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით,  არხის მაუწყებლობაში 1-2 დღის განმავლობაში შეიძლება გარკვეული ცვლილებები იყოს, თუმცა მისივე თქმით, არხი ყველაფერს აკეთებს, რომ მაუწყებლობის შეჩერება აუცილებელი არ გახდეს.

"ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ მოქმედებას, რაც აუცილებელია, რომ ტელევიზიამ არ შეაფერხოს მაუწყებლობა, თუმცა გარკვეული ცვლილებები 1-2 დღის განმვალობაში შეიძლება იყოს, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. იმედი გვაქვს რომ ეს ეთერზე არ აისახება და ჩვენი მაყურებელი, ისევე როგორც აქამდე მიიღებს ინფორმაციას კურიერის მეშვეობიოთ",-ამბობს სალია.

დღეს, 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთ ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა.


close დახურვა