logo
ENG



იმნაძე: პენიტენციურის კადრებიდან იკითხება, რომ სააკაშვილი გლდანში მოტყუებით გადაყავთ

11 ნოე 202114:35
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

გურამ იმნაძის, სოციალური თანასწორობის ცენტრის ერთ-ერთი დირექტორის თქმით, პენიტენციურის გავრცელებული კადრებიდან იკითხება, რომ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს.

გურამ იმნაძის თქმით, მსგავსი ფორმით კადრების გავრცელება საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილებას არ ემსახურება და ხელისუფლება ცდილობს ვითარების უკიდურესი რადიკალიზაციის ფაზაში შეყვანას.

"პირველ რიგში ამ კადრებიდან რაც იკითხება და რაც ცალსახად შეიძლება დავასკვნათ ამ კადრების გამოქვეყნების შემდეგ, არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მე-18 დაწესებულებაში მოხდა მოტყუებით და დიდი ალბათობით მას რუსთავის დაწესებულებაში მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, რომ ის გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და სწორედ მაშინ იწყება უკვე მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, როცა ის უშუალოდ შეიტყობს, რომ გადაიყვანეს არა სამოქალაქო კლინიკაში, არამედ მე-18 დაწესებულებაში პენიტენციური სისტემის. ეს თავისთავად ასეთი მიდგომა პატიმრის მიმართ, ადამიანის მიმართ, რომელიც შიმშილობს, უკვე შეიძლება ჩაითვალოს ღირსების შემლახავ მოპყრობად და ცხადია, მეორე მხრივ, პრობლემაა ის პრაქტიკა, როგორც ვრცელდება ხოლმე მსგავსი კადრები.

არავითარი საზოგადოებრივი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება არ იკითხება აი ამ კადრების ასე გავრცელების უკან. იკითხება ცალსახად, რომ ხელისუფლება არ ცდილობს ამ ვითარების, რაიმე კონსტრუქციული და დემოკრატიული პოლიტიკური ინსტრუმენტებით განმუხტვას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვითარება უკიდურესი რადიკალიზაციის ფაზაში შევიდეს, რაც ნამდვილად დააზარალებს ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას" , ამბობს გურამ იმნაძე

გურამ იმნაძის თქმით, ვიდეოკადრების გავრცელება ბრალდებულის ინტერესებს არღვევს. იმნაძე ამბობს, რომ გავრცელებულ კადრებს წინ არ უძღვის დაწესებულებაში შეყვანის ეპიზოდი, კადრები ფრაგმენტულია და შესაძლოა საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, რომ თითქოს უბრალოდ სააკაშვილი წინააღმდეგობას უწევს სამსახურს.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა


close დახურვა