დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეებმა პირბადის ტარების წესი მაქსიმალურად უნდა დაიცვან.
როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, თუ ნიღაბი უკეთია ორივეს, ანუ დაავადებულსაც და ჯანმრთელსაც, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს დაავადების რისკი.
„ნუ დავმშვიდდებით იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში ვირუსის მხოლოდ ერთეული შემთხვევები არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კორონა გაქრა. მაქსიმალურად დავიცვათ პირველ რიგში ნიღბის ტარება, თუ ნიღაბი უკეთია ავადმყოფს ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ესეც ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ ნიღაბი უკეთია ორივეს - დაავადებულს და ჯანმრთელს, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაჰყავს დაავადების რისკი. ამიტომ მოთხოვნა არის, რომ ნიღაბი უნდა ეკეთოს ყველას, რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია და სახლშიც არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.