logo
ENG



იმნაძე - ჩეხეთის მოქალაქემ ჩვენი ქვეყნისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოამჟღავნა

17 მარ 202023:01
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის  ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ, გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ ჩეხ ტურისტზე ისაუბრა, რომელიც სამშობლოში დაბრუნების და ვირუსის დადასტურების შემდეგ, ქართულ მხარეს დაუკავშირდა.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ამ პირმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თუ სად იმყოფებოდა და ვისთან ჰქონდა კონტაქტი, რამაც სამუშაოები მნიშვნელოვნად შეამსუბუქა.

„ჩეხეთის მოქალაქემ, რომელსაც ალბათ უკვე კარგად იცნობენ ჩვენს ქვეყანაში, გამოამჟღავნა დიდი სიყვარული ჩვენი ქვეყნისადმი, პატივისცემა იმიტომ, რომ თვითონ დაგვიკავშირდა როგორც კი იქ დაუდგინდა, რომ არის ინფიცირებული. ის დაუკავშირდა იმ ადამიანებს, ვისთანაც იყო სასტუმროში და რესტორანში. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს თანამშრომლებთან ინტენსიურ კონტაქტში იყო მთელი დღის განმავლობაში. მათ გადმოუგზავნა ფოტოები სად იყო, მანქანის ფოტო, ნომერი და ასე შემდეგ. ძალიან გაგვიადვილა მუშაობა. ასეთი მოწესრიგებული კონტაქტები მოძიება სხვა შემთხვევაში თითქმის არ ყოფილა, ყველაფერი დოკუმენტირებული ჰქონდა ფოტოებით“, - აღნიშნა იმნაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ცნობილია თუ არა ინფიცირების ყველა წყარო, მათ დღეს დაფიქსირებულ შემთხვევასთან დაკავშირებით, იმნაძემ აღნიშნა, რომ დაზუსტებით ამ დროისთვის ვერაფერს იტყვის.

„შემიძლია ვთქვა, რომ აქ არის დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პაციენტს ჰქონდა შეხვედრა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ პარტნიორებთან, რომლებიც მალევე გაემგზავრნენ თავიანთ ქვეყნებში. სამწუხაროდ ეს არ იყო ერთი შეხვედრა, ამიტომ დაზუსტებული წყარო არ არის. სამწუხაროდ ჯერ ვერ მოხერხდა იმ ქვეყნებში დადგენა ეს ადამიანები იქ არიან თუ არა ინფიცირებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.


close დახურვა