დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, განსხვავებით შვედეთისგან, საქართველოში მოხუცთა თავშესაფარში დაინფიცირებული ბენეფიციარები საავადმყოფოში გადაჰყავთ და ხარისხიანი მკურნალობა უტარდებათ.
მისი თქმით, "ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა თავშესაფრის დაცვა და კორონავირუსმა შეაღწია".
"მართლა ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება დასავლეთის ქვეყნების, სადაც თავშესაფარში შეღწეულმა ინფექციამ შვედეთში გამოიწვია ძალიან მაღალი ლეტალობა და პრობლემა იყო ის, რომ საავადმყოფოშიც ვერ მიყავდათ, შვედეთზეა ლაპარაკი, აქ საბედნიეროდ სულ ყველა, ვისაც სჭირდება დახმარება, გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდებათ მაღალი ხარისხის დახმარება", - განაცხადა იმნაძემ.
ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში 30-მდე ადამიანია ინფიცირებული, კორონავირუსი დაუდასტურდა წნორის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარსაც.