ამერიკის სენატმა 9 თებერვალს იმპიჩმენტის არაკონსტიტუციურობის შესახებ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დემოკრატებს ტრამპის საბოლოოდ გამტყუნებისთვის, სავარაუდოდ, საკმარისი ხმები არ ექნებათ.
წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის რეზოლუციის მიღების შემდეგ, 6 იანვრის ღამეს კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელებული შტურმის წაქეზების ბრალდებით დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე სენატმა უნდა იმსჯელოს. ექსპრეზიდენტის ადვოკატების მიერ დაყენებული შუამდგომლობა დემოკრატიული უმრავლესობის მქონე სენატმა არ დააკმაყოფილა, თუმცა კენჭისყრის შედეგებმა ცხადად აჩვენა, რომ ექსპრეზიდენტის პოლიტიკურ ოპონენტებს მისი საბოლოოდ გამტყუნებისთვის ხმები არ ეყოფათ. 56 ხმა, 44-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი მანიშნებელი იყო იმისა, რომ ექსპრეზიდენტის იმპიჩმენტს რესპუბლიკელ სენატორთა საჭირო რაოდენობა მხარს არ დაუჭერს.
"ამ პროცესის შედეგები წინასწარვეა ცნობილი", - განაცხადა ტექსასის შტატის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ტედ კრუზმა, - "პრეზიდენტი ტრამპი გამართლდება".
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადვოკატების შუამდგომლობა 5-მა რესპუბლიკელმა სენატორმა არ დააკმაყოფილა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს სენატის 2/3-ზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, რაც დღევანდელი სტატუს კვოთი ნიშნავს, რომ ტრამპის გამტყუნებას 17-მა რესპუბლიკელმა სენატორმა უნდა დაუჭიროს მხარი.
წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის პროცესს 10-მა რესპუბლიკელმა სენატორმა მისცა ხმა, რამაც პოლიტიკურ და მედიააქტორებში გააჩინა ეჭვი, რომ ტრამპის წინააღმდეგ რიგით მეორე იმპიჩმენტის პროცედურას რეალური პერსპექტივები ჰქონდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 20 იანვარს რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
გარდა იმისა, რომ სენატის მხრიდან გამტყუნების შემთხვევაში ტრამპი ექსპრეზიდენტისთვის კონსტიტუციით გარანტირებულ ყველა პრივილეგიას დაკარგავდა, მას, შესაძლოა, საპრეზიდენტო კანდიდატად კენჭისყრის უფლებაც სამუდამოდ ჩამორთმეოდა.
თუმცა ტრამპის იმპიჩმენტის პოლიტიკური მხარდამჭერები არ გამორიცხავენ, რომ საქმის არსებით განხილვაზე გადასვლის შემდეგ, ექსპრეზიდენტის გამტყუნებას უფრო მეტმა რესპუბლიკელმა სენატორმა დაუჭიროს მხარი. გამტყუნების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომლის იმპიჩმენტსაც კონგრესის ორივე პალატა დაუჭერს მხარს.
იმპიჩმენტის კანონპროექტი დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში 11 იანვარს მას შემდეგ დაარეგისტრირეს, რაც 6 იანვრის ღამეს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და წარმომადგენელთა პალატის სხდომათა დარბაზი დაიკავეს. მომიტინგეთა შენობაში შეჭრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე სამართალდამცველი კი დაშავდა.
შენობაში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე მომიტინგეებს ტრამპმა თეთრ სახლთან სიტყვით მიმართა. გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ განაცხადა 3 თვის განმავლობაში პერმანენტულად გაჟღერებული ბრალდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ჯო ბაიდენმა დაამარცხა, გაუყალბეს და თაღლითურად მოპარეს. ტრამპმა მხარდამჭერებს ასევე მოუწოდა, კონგრესის შენობასთან გადაენაცვლათ, რადგან კაპიტოლიუმში ორპალატიანი სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც ამერიკელ კანონმდებლებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემოწმებინათ.
"მეც თქვენთან ერთად წამოვალ", - განუცხადა ტრამპმა მხარდამჭერებს, თუმცა კაპიტოლიუმის შენობასთან მიმდინარე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა.
სამაგიეროდ, შენობასთან მიიჭრნენ მისი მხარდამჭერები, რომლებიც სკანდირებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ კონგრესს არჩევნების შედეგების დამოწმების უფლება არ ჰქონდა.
აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამტყდარ ქაოსს მეორე დღესვე მოჰყვა იმპიჩმენტისკენ მოწოდებები. სწორედ ამ მოწოდებით დარეგისტრირდა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში - "აჯანყებისკენ მოწოდება ამერიკის ხელისუფლების წინააღმდეგ".
კანონპროექტის დარეგისტრირებამდე წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც კონგრესმა ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენების და ტრამპის პრეზიდენტობიდან გადაყენებისკენ მოუწოდა, თუმცა რესპუბლიკელმა ვიცეპრეზიდენტმა შეთავაზებაზე უარი პალატის თავმჯდომარისთვის, ნენსი პელოსისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა.