logo
ENG



კაპიტოლიუმში ლოკდაუნი გამოცხადდა, სხდომაზე ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ

06 იან 202123:50
3 წუთის საკითხავი
clock 2380
2021/01/06/2d8g5xbm15vhi2w.jpg

კაპიტოლიუმის შენობაში ლოკდაუნი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შესახებ გამართული დისკუსიის დროს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეები შენობაში შეიჭრნენ. კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე თავად ტრამპი თეთრ სახლთან ახლოს საკუთარ მომხრეებს მიმართავდა. 

დღეს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატა საარჩევნო დელეგატების ხმების დასათვლელად და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად დასადასტურებლად შეიკრიბა. სხდომა ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს მიჰყავდა, როდესაც შუადღისას პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები, რომლებიც პრეზიდენტის მსგავსად ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ბაიდენმა უკანონო ხმების დახმარებით გაიმარჯვა, კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შენობაში მყოფი სენატორები და კონგრესმენები, ვიცეპრეზიდენტ პენსის ჩათვლით უსაფრთხოების მიზნით ამ დრომდე საკუთარ კაბინეტებში რჩებიან. 

შტურმამდე სენატორებსა და კონგრესმენებს შორის მწვავე დებატები მიმდინარეობდა. რამდენიმე რესპუბლიკელი კანონმდებლის საპირისპირო პოზიციის მიუხედავად, ტრამპის მომხრე რესპუბლიკელები ამტკიცებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ლეგიტიმურად არ გაუმარჯვია. 

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან მოყოლებული თავად პრეზიდენტი ტრამპი უკვე მე-10 კვირაა ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ყველა სასამართლო ინსტანციამ, მათ შორის, ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში უმეტესად კონსერვატორი მოსამართლეებით დაკომპლექტდა, ტრამპის კამპანიის არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

სხდომის თავმჯდომარემ მაიკ პენსმა ტრამპის მომხრეების პოზიციის საპირისპიროდ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის გამარჯვების რატიფიცირების პროცესს ხელს არ შეუშლიდა. სენატში რესპუბლიკელების თავმჯდომარის მიჩ მაკონალის თქმით კი, ამომრჩეველთა ნების უგულებელყოფა რესპუბლიკას სამუდამოდ დააზიანებს. თუმცა რესპუბლიკელი კონგრესმენების ნაწილი ტრამპის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ ბაიდენის გამარჯვების დამოწმების პროცესს ხელს შეუშლის. 

თავად პრეზიდენტმა ტრამპმა Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც მომიტინგეებს მშვიდობის შენარჩუნებისკენ და პოლიციის მიმართ მორჩილებისკენ მოუწოდა. 

"მოვუწოდებ ყველას კაპიტოლიუმში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. არავითარი ძალადობა! გახსოვდეთ, რომ ჩვენ კანონისა და წესრიგის პარტია ვართ - პატივი ეცით კანონს", - დაწერა ტრამპმა. 

დემონსტრანტებს კანონის მორჩილებისკენ მოუწოდა სენატის სხდომის თავმჯდომარემ, ტრამპის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა. 

"ძალადობა და ნგრევა, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაში მიმდინარეობს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ყველა ჩართული პირი უნდა დაემორჩილოს სამართალდამცავებს და დაუყოვნებლივ დატოვოს შენობა", - დაწერა პენსმა Twitter-ზე. 

5 იანვარს გამოქვეყნდა სკანდალური ჩანაწერი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტსა და ჯორჯიას შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერს შორის, რომელიც შტატის საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენელია, რომელშიც ტრამპი რესპუბლიკელი მაღალჩინოსნის იძულებას ცდილობდა, რათა შტატის ადმინისტრაციას ხმები ხელახლა გადაეთვალა

ტრამპი რაფენსპერგერისგან მოითხოვდა, გადათვლისას იმ რაოდენობის ხმები ეპოვნათ, რამდენიც რესპუბლიკელ კანდიდატს შტატში გასამარჯვებლად სჭირდებოდა. სამართლის ექსპერტების მოსაზრებით, სატელეფონო ჩანაწერი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი და რესპუბლიკელების ნაწილი სამი თვეა აშშ-ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, დემოკრატი კანდიდატის ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება, თეთრი სახლის ადმინისტრაციას კი ტრანზიციის პროცესი უკვე დაწყებული აქვს. 


close დახურვა