იმპიჩმენტის მუქარიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პარიზში შეხვდა.
ზურაბიშვილის განცხადებით, მაკრონთან კანდიდატის სტატუსზე "ძალიან სასარგებლო საუბარი" ჰქონდა.
მაკრონი აცხადებს, რომ ევროპულ გზაზე ქართველ ხალხსა და პრეზიდენტს მხარს უჭერს.
"დიდი მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმსაპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე.
ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა, რომ ქართველი ხალხის მომავალია - ნამდვილად ევროპული გზა.
ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის" თქვა მაკრონმა.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.