პანდემიის მოტივით გაუქმებული რეგულაციები, რომლებიც ადგილობრივ წარმოებას და მომხმარებელს აზარალებს - ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იმპორტირებული ქათმის ხორცში წყლის შემცველობის დაცვა სავალდებულო აღარ არის.
მკაცრი შეზღუდვების დროს, 8 აპრილს, ყველასთვის მოულოდნელად ხელისუფლებამ იმპორტირებულ ფრინველის ხორცზე რეგულაციები მოხსნა. ამ ფონზე კი ქართველი მეწარმეები ფრინველის ხორცის ხარისხს და წყლის შემცველობის 5%-იან მაქსიმალურ ზღვარს მკაცრად იცავენ და წარმოებაც სწორედ ამ პრინციპით აქვთ აწყობილი, მთავრობის გადაწყვეტილება იმპორტირებულ პროდუქციას ადგილობრივთან შედარებით მნიშვნელოვნად უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.
მთავრობის გადაწყვეტილება არაკეთილსინდისიერ იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას გაყინული წყალი ხორცის ფასად გაყიდონ. მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა კი კიდევ უფრო მარტივია, როდესაც შეფუთვაზე პროდუქტში წყლის შემცველობის პროცენტულობის დატანა სავალდებულო არ არის.