ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ინდონეზიის ქალაქ მალანგში, საფეხბურთო მატჩში დამარცხებული გუნდის გულშემატკივრების სტადიონზე შეჭრის შემდეგ ჭყლეტას სულ მცირე 150 ადამიანი ემსხვერპლა.
პოლიციის ინფორმაციით, დამარცხებული ადგილობრივი გუნდის გულშემატკივრები აღმოსავლეთ იავის პროვინციაში სტადიონზე შეიჭრნენ, რათა უკმაყოფილება გამოეხატათ. პოლიციამ სიტუაციის კონტროლის საბაბით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამაც ჭყლეტა და ზოგიერთი ადამიანის გაგუდვა გამოიწვია.
მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიციელები გულშემატკივრების წინააღმდეგ გაზის გარდა ხელკეტებსაც იყენებდნენ.
ერთ-ერთი ადგილობრივი საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, დაღუპულთა შორისაა 5 წლის ბავშვიცაა. ზოგიერთ დაშავებულს ტვინის შერყევა აქვს.
აღმოასვლეთ იავის პოლიციის უფროსმა ნიკო აფინტამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი არემა კლუბ პერსებაია სურაბაიასთან მატჩში დამარცხდა, ათობით გულშემატკივარი შეიჭრა სტადიონზე, რათა უკმაყოფილება გამოეხატა. აფინტას თქმით, არეულობის გამო პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რამაც გულშემატკივრებში პანიკა გამოიწვია.
პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდეგ პანიკაში მყოფი გულშემატკივრები ერთ-ერთი გასასვლელისკენ გაიქცნენ, რამაც პოლიციის ცნობით, ჭყლეტა გამოიწვია.
დაღუპულთა ზუსტი რიცხვი არაა ცნობილი. ინდონეზიის ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის ცნობით შემთხვევას 153 ადამიანი ემსხვერპლა. საფეხბურთო კლუბი არემა კი აცხადებს რომ 182 ადამიანი დაიღუპა.
ინდონეზიის სამართლებრივი დახმარების ფონდის თქმით, "დაღუპულთა დიდი რიცხვი ცრემლსადენი გაზის საშუალებით ძალის გადამეტება და მასების არასათანადო კონტროლი გახდა".
პოლიციის უფროსმა კი განაცხადა, რომ გაზის გამოყენება არეულობის გამო აუცილებელი იყო.
„ისინი [გულშემატკივრები] ოფიცრებზე თავდასხმას აპირებდნენ და დააზიანეს მანქანები“ - განაცხადა აფინტამ.
ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ განაცხადა, რომ უნდა შეფასდეს რამდენად იყო დაცული უსაფრთხოება საფეხბურთო მატჩებზე, და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, „ეს ფეხბურთის ბოლო ტრაგედია იქნება ქვეყანაში“.
მსოფლიო ფეხბურთის ხელმძღვანელი ორგანოს FIFA-ს უსაფრთხოების რეგულაციების მიხედვით დაუშვებელია ფეხბურთის მატჩზე იარაღის ან „მასების მაკონტროლებელი გაზის“ გამოყენება.
ინდონეზიის ადამიანის უფლებათა კომისია გეგმავს, გამოიკვლიოს რამდენად იყო დაცული უსაფრთხოება სტადიონზე და მათ შორის რამდენად მიზანშეწონილი იყო ცრემლსადენი გაზის გამოყენება.
ინდონეზიის უსაფრთხოების მინისტრის თქმით, სტადიონი 38 000 გულშემატკივარს იტევს, ამ მატჩზე დასასწრებად კი 42 000 ბილეთი გაიყიდა.
აღმოსავლეთ იავის მერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევაა. ინდონეზიის სტადიონის ტრაგედიას 1964 წელს პერუს ეროვნული სტადიონის კატასტროფის შემდეგ ყველაზე მეტი მსხვერპლი ჰყავს. 1964 წელს პერუში ეროვნულ სტადიონზე ამბოხსა და ჭყლეტას 328 ადამიანი ემსხვერპლა.