logo
ENG



ინიციატივა ემსახურება კრიტიკული მედიის გაჩუმებას-ლელო ფასიანი პოლიტრეკლამის გაუქმებაზე

03 ივნ 202012:54
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმების შესახებ გია ჟორჟოლიანის ინიციატივას აფასებს - მმართველი პარტიის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არასაარჩევნო პერიოდშიც უნდა იყოს დაშვებული, ხოლო წინასაარჩევნოდ მისი აკრძალვა დაუშვებელია.

„რეალობაში, სადაც ოლიგაქრს აქვს განუზომლად მეტი რესურსი, სადაც აქვთ საშუალება სახელმწიფო სტრუქტურების რეკლამის გზით აწარმოონ კამპანია, შეუფერებელია ეს კანონი. იმისთვის, რომ პარტიებმა უკეთ მიიტანონ იდეები ამომრჩევლამდე, ფასიანი რეკლამა უნდა იყოს დაშვებული არასაარჩევნო პერიოდშიც", - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

„ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივას კრიტიკულ მედიაზე კიდევ ერთ დარტყმას უწოდებენ - საბა ბუაძის თქმით, კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისში მედიას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა პირდაპირ მათ ურტყამს. 

„ეს ინიციატივა ემსახურება კრიტიკული მედიის გაჩუმებას - მისდამი კრიტიკულად განწყობილი მედიის გაჩუმება ხელისუფლებას არაერთხელ უცდია. როცა სარეკლამო შემოსავლები განახევდრა, მედიას სჭირდება გვერდში დგომა და ინიციატივები, რომლებიც მათ ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს და არა ინიციატივები, რომლებიც მედიას კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დააყენებს", - აცხადებს საბა ბუაძე.

გია ჟორჟოლიანის ინიციატივაში საფრთხეებს ხედავენ პარლამენტის სხვა დეპუტატებიც - დიმიტრი ცქიტიშვილის აზრით, ამ გზით პატარა პარტიები, შესაძლოა, გამოყენებულ იქნან დიდი პარტიების მიერ.

„სიმართლე გითხრათ, არ მგონია ამ ინიციატივამ მხარდაჭერა მოიპოვოს. პარტიები, რომლებიც ძირითადი მოთამაშეები არიან, ინტენსიური სარეკლამო კამპანიები აქვთ და არ აწყობთ მათი შანსები გათანაბრდეს პატარა პარტიებთან. პათოსი, რომ ყველას თანაბარი რისკები ჰქონდეთ, ეს ფაქტია, მაგრამ შეიცავს რისკებს, რომ ეს პარტიები გამოყენებულ იქნენ სატელიტებად", - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გია ჟორჟოლიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აიკრძალოს.


close დახურვა