logo
ENG



ინსპექტორი: ამომრჩეველთა მიმართ აპლიკაციის გამოყენების კანონიერებას ვსწავლობთ

31 ოქტ 202014:11
3 წუთის საკითხავი
 
iuqs3em323zjqf4.jpg

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ შეისწავლის არჩევნებზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებას. 

აპლიკაცია, რომელიც სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დილიდან აქტიურად გამოიყენება, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ უბნებზე ხდება ამომრჩევლების სახის სკანირება. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ გაეცნო აპლიკაციის კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მონაცემთა დაცვისთვის მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შესწავლის შედეგად შეაფასებს აპლიკაციის მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას და მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიღებულ ზომებს.
 
მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს და დაწესებულებას, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რადგან ამომრჩეველთა უფლებების დაცვა დემოკრატიული არჩევნების აუცილებელი პირობაა". - აცხადებს სამსახური. 

საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 


close დახურვა