logo
ENG



ინსპექტორმა გვარამიას ნომრის გასაჯაროვებისთვის წულუკიანს პასუხისმგებლობა არ დააკისრა

21 მაი 202117:17
3 წუთის საკითხავი
clock 2773
2021/05/21/5nb7c2d7fufkcit.jpg

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებისთვის თეა წულუკიანს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ დააკისრა.

2021 წლის 2 თებერვალს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა, რასაც უფლებადამცველების კრიტიკა მოჰყვა.

სახელმწიფო ინსპექტორმა დაასკვნა, რომ პირადი ინფორმაციის გავრცელება, ამ შემთხვევაში, სახიფათო პრეცედენტი შეიძლება იყოს, თუმცა ეს თეა წულუკიანისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საფუძველი ვერ გახდებოდა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების კანონიერების შეფასების მიზნით, მოიძია სხვადასხვა წყაროების საშუალებით ნ. გვარამიას შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია. დადგინდა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებში.

პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი.

2021 წლის 2 თებერვალს  პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან გამომდინარე (ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება), საზოგადოების ინტერესი სხდომის მიმართ მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ამგვარ ვითარებაში, ფიზიკური (თუნდაც საჯარო) პირის ტელეფონის ნომრის გამჟღავნება მონაცემთა დამუშავების სახიფათო პრეცედენტია. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, დებატების დროს, გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში", - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

 

პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის გენერალური დირექტორის პირადი ინფორმაციის გასაჯაროვებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქართული არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ისე დასავლელი პარტნიორებისგანაც. 

ევროპარლამენტარებმა ვიოლა ფონ კრამონმა, სვენ მიქსემა, ანდრიუს კუბილიუსმამარკეტა გრეგოროვამ, მაიკლ გალერმა და პეტრას აუსტრევიჩუსმა პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, მისწერეს, რომ პარლამენტის კედლებში პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დარღვევა უკიდურესად არაეთიკური და სამწუხარო იყო. 

 


close დახურვა