logo
ENG



ინსპექციის კომპანის თქმით, პარკში სამუშაოები ნორმებს შეესაბამებოდა - ნეტგაზეთის დოკუმენტები

13 ოქტ 202218:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/13/o27hk4tmqrdenwc.jpg

დღეს, 13 ოქტომბერს ვაკის რეაბილიტირებულ შადრევანში 3 ბავშვს, ვინც შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოღებას ცდილობდა დენმა დაარტყა. მათგან 1, 13 წლის მოზარდი დაიღუპა. 2 კი საავადმყოფოში რჩება.

გამოცემა ნეტგაზეთმა მოიპოვა დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ თბილისის მერიამ ოფიციალურად ჩაიბარა შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მათი ცნობით, შადრევნის შესახებ ინსპექტირების განმახორციელებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ შესრულებული სამუშაოები სამშენებლო ნორმებს შეესაბამებოდა.

რეაბილიტაციაში ჩართული კომპანიის მეწილეები წლების წინ ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.

გამოცემის თქმით, თბილისის მერიამ ტენდერი ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასყიდად 2021 წლის სექტემბერში გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებად კი 13.4 მლნ ლარი დაასახელა.

მერიამ საბოლოოდ ხელშეკრულება კომპანია, "გრინსერვისი+" -თან გააფორმა, ვინც  5 ოქტომბერს გააკეთა ბოლო შეთავაზება და განაცხადა, რომ მოთხოვნილ სამუშაოებს 11,8 მლნ ლარად შეასრულებდა.

ნეტგაზეთმა მოიპოვა 2022 წლის 26 აგვისტოთი დათარიღებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი.

აქტს მერიის მხრიდან ხელს აწერენ: ლექსო უტიაშვილი - გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი და იუზა წერეთელი - გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ხოლო კომპანიის მხრიდან "გრინსერვისი+"-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ სამუშაოები ინსპექტირებულია "აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო "მშენექსპერტის" ინსპექტირების ანგარიშით". ნეტგაზეთის ცნობით, ინსპექტირების ანგარიში მერიას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე 4 დღით ადრე, 22 აგვისტოს წარუდგინეს.

ნეტგაზეთმა ასევე მოიპოვა ინსპექტირების ანგარიში და დასკვნაც, რომელშიც ინსპექტირების ჩამტარებელი კომპანია მშენექსპერტი აცხადებს, რომ მერიასა და "გრინსერვის+"-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შესრულებული სამუშაოები "შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან". დოკუმენტში კომპანია არანაირ დარღვევაზე არ მიუთითებს.

ნეტგაზეთის მიერ მოპოვებულ 500-გვერდიან ინსპექტირების ანგარიშის კვლევით ნაწილიდან ირკვევა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა "გრინსერვის+"-მა დაიქირავა გარე კონტრაქტორი, – შპს "ჯორჯიან იუნიონი", რათა "ვაკის პარკის ტერიტორიაზე კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენებით უზრუნველყოფის სამუშაოები" ჩაეტარებინა, რაც ჯამში 72 376 ლარი დაჯდა.

15 აგვისტოს ამ ორ კომპანიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც წერია,  რომ "ჯორჯიან იუნიონმა" შეასრულა 25 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები: დააყენა ალუმინის კაბელები (მათ შორის მაღალი ძაბვის კაბელები) და მოაწყო გოფრირებული ორკედლიანი მილი და ა.შ.

ნეტგაზეთის თქმით, მერიის უშუალო კონტრაქტორს, "გრინსერვის+"-ს 3 მფლობელი ჰყავს: ლაშა ფურცხვანიძე, – ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებელი ენმ-ს პერიოდში – 33%, კობა ხარშილაძე, – ფურცხვანიძის ყოფილი მოადგილე – 33% და ტარიელ კიკნაძე – 34%

კომპანია "გრინსერვის+"-ს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ არაერთ ტენდერში გაუმარჯვია. კომპანიის საიტზე არის პროექტების ჩამონათვალი, რომლებშიც კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორისაა ანბანის სკვერი, პარლამენტის შენობა, მზიურის პარკი, თბილისის მრგვალი ბაღი და ა.შ.

2013 წელს ქართულმა ოცნებამ კომპანიის დამფუძნებლები - ლაშა ფურცხვანიძე და ტარიელ კიკნაძე - კორუფციულ სქემაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა.

როგორც ფლანგვის დეტექტორი წერს, შპს გრინსერვისი+ 2010 წელს ლაშა ფურცხვანიძის, კობა ხარშილაძისა და ტარიელ კიკნაძის მიერ დაფუძნებული კომპანია. შპს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დამფუძნებლების მეორე კომპანია - შპს გრინსერვისი - ტენდერების შავ სიაში შეიყვანეს.

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, 2010 წლის 16 ნოემბერს "გრინსერვისის" რეალურმა მფლობელებმა ლაშა ფურცხვანიძემ და კობა ხარშილაძემ, მას შემდეგ რაც აღარ იყვნენ საჯარო მოხელეები, საწარმოს ფიქციური დამფუძნებლები შეცვალეს და საწარმოს 100%-იანი წილი თანაბრად გაიყვეს. ორგანიზაციის თქმით, 2013 წლამდე "გრინსერვისმა" 8 მლნ ლარამდე ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, მათ შორის 407 000 ლარი პირდაპირი შესყიდვებიდან მიიღო.

საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, 2013 წლის იანვრიდან "გრინსერვისი+" მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში და 2022 წლის პირველ ნოემბრამდე 21 მლნ ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერები მოიგო, ასევე, გამარტივებული შესყიდვით 95 000 ლარი მიიღო.

„კომპანია ბოლო პერიოდშიც აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში. მაგალითად, მხოლოდ 2 თვეში, აგვისტო-სექტემბერში "გრინსერვისმა" მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ელექტრონულ ტენდერებში გაიმარჯვა,“ - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმხობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, გუშინ, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.


close დახურვა