logo
ENG



ინფექციონისტი: გადაწყვეტილება ჩაკეტილ წრეში მიიღება, შენიშვნების საშუალება არ გვაქვს

23 დეკ 202019:08
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი საქართველოში კორონავირუსის მართვის პრობლემებზე საუბრობს და ყველაზე პრიორიტეტულად "ვიწრო წრეში მიღებულ გადაწყვეტილებებს" გამოყოფს.

დღეს, 23 დეკემბერს ქართველ ექიმთა ასოციაციის პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ექიმების მხრიდან ჯანსაღი კრიტიკას "დესტრუქციულ ქმედებად" ნათლავენ და შედეგად, აზრთა გაცვლის საშუალება არ ეძლევათ.

"სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრდა უცნაური და აბსოლუტურად არაჯანსაღი პარადიგმა, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება ერთ ვიწრო, ჩაკეტილ ჯგუფში. ჩვენ, პროფესიონალებს საშუალება არ გვაქვს, ჩვენი შენიშვნები, ჩვენი კრიტიკული აზრი გამოვთქვათ. არ არის პლატფორმა, სადაც  ინსტიტუციონალიზირებული იქნება აზრის გაზიარება, კამათი, ჯანსაღი კრიტიკა. ამის ნაცვლად, მსგავსი საქმიანობა ინათლება დესტრუქციულ ქმედებად და უცნაური ტერმინიც დამკვიდრდა, რომ სხვებს, სხვა პროფესიონალებს არ სურთ სხვისი აშენებული ქვეყანა. ამაზე, კომენტარიც ზედმეტია", - ამბობს გიორგი კანდელაკი. 

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ვის გულისხმობს "ჩაკეტილ წრეში", იგი ამბობს, რომ "მათ, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს".

გიორგი კანდელაკი კოვიდის მართვის ქართულ პროტოკოლს "უცნაური აზრებისა და უცნაური რეკომენდაციების კონგლომერატს" უწოდებს და აცხადებს, რომ ექიმები მის შედგენაში ჩართულები არ არიან. 

"ჩვენ არ გვაქვს საშუალება, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე რაიმე ზემოქმედება მოვახდინოთ, არადა ის გადაწყვეტილებები რაც მიიღება, გაიდლაინით თუ პროტოკოლით, იურიდიული ძალაც აქვს. თუ მცდარად დაიწერა რაიმე რეკომენდაცია და ასეთები უხვადაა... დღესაც რომ ჩამოტვირთოთ ეს დოკუმენტი, ესაა, რაღაც უცნაური აზრებისა და უცნაური რეკომენდაციების კონგლომერატი. ეს იურიდიულ ვალდებულებასაც გვანიჭებს ექიმებს და ჩვენ, ჩვენი რისკის ფასად, იმის ფასად, რომ შეიძლება რაღაცაზე გაგვასამართლონ, იძულებული ვართ, პაციენტს სწორად ვუმკურნალოთ, მისი ინტერესებიდან გამომდინარე". 

მისივე ინიციატივით, უნდა შეიქმნას პლატფორმა, სადაც ყველა ერთი ხმით იქნება წარმოდგენილი და სადაც სამეცნიერი მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს გაარჩევენ:

"გადაწყვეტილებას მივიღებთ ფართო კონსენსუსის საფუძველზე და არა ცალკეული ადამიანების პირადი გადაწყვეტილებების თუ პირადი სურვილებით". 


close დახურვა