გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ექიმ-ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ კორონავირუსის დროს პაციენტი აუცილებელია 14 დღის განმავლობაში იყოს მეთვალყურეობის ქვეშ.
გოგინავას თქმით, დაავადების დროს, ყველაზე კრიტიკული პირველი შვიდი დღეა.
„ახალი კორონავირუსის ძირითადი გართულება არის ფილტვების ანთება - ორმხრივი ბილატერალური ატიპიური პნევმონია. სამწუხაროდ, ამ ვირუსის დროს, პირველი შვიდი დღის განმავლობაში პაციენტს ნებისმიერ დროს შეიძლება დაეწყოს პნევმონია და სიტუაციის გართულება.
პირველი შვიდი დღე ყველაზე უფრო კრიტიკულია, როდესაც შეიძლება პაციენტი დამძიმდეს. არის შემთხვევებიც, როდესაც მეორე შვიდი დღის განმავლობაში განვითარდა პნევმონია და სუნთქვის გაძნელება. ამიტომ, 14 დღე უნდა იყოს პაციენტი მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსით 38 ადამიანი დაინფიცირდა.